უცხოელ ინვესტორებს მუშახელის უცხოეთიდან შემოყვანა აეკრძალებათ

ზაფხულიდან მუშახელის უცხოეთიდან შემოყვანას „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონი“ დაარეგულირებს. ადგილობრივი მუშახელის დასაქმების მაჩვენებლის გასაზრდელად ახალ კანონზე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს.
ჯანდაცვის სამინისტოს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ელზა ჯგერენაიას განცხადებით, კანონის ამოქმედება ინვესტორებს რაიმე სახის საფრთხეს არ შეუქმნის და უფრო მეტიც, მათ სამუშაო ბაზრიდან მუშახელის ადგილზე მოძებნა გაუიოლდებათ.
„კანონში არ დევს რაიმე სახის საფრთხეები ინვესტორებისთვის, მათ სამუშაო ბაზრიდან მუშახელის ადგილზე მოძებნა გაუიოლდებათ. ინვესტორი რომ ჩამოდის, ის დაინტერესებულია, რომ ადგილზე მოძებნოს მუშახელი, რადგან მისთვის მუშახელის ჩამოყვანა მეტი ხარჯია, ვიდრე ის, რომ ადგილზე აიყვანოს. ეს სიახლე ინვესტიციების მოსაზიდად არ იქნება შემაფერხებელი, იმიტომ, რომ შრომის მიგრაციის ლეგალიზება ხელს შეუწყობს ინვესტორების უფრო დაინტერესებას, იმიტომ, რომ მათთვის ეს რეგულაცია და ფორმალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ შრომით რესურსებთან, კიდევ უფრო გააადვილებს შრომით ურთიერთობებს“,- განაცხადა ჯგერენაიამ გაზეთ „ალიასთან“ საუბრისას.
მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტის ამუშავება ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება.
„კანონი განსაზღვრავს იურიდიული პირის, ან ინდივიდუალური მეწარმის ვალდებულებას, რომელიც შრომით მოწყობასთან დაკავშირებულ საქმიანობას საქართველოს ფარგლებს მიღმა ახორციელებს. ეს გულისხმობს საქმიანობის რეგისტრაციას, უცხოელ დამსაქმებლებთან შრომითი საქმიანობის ხელშეუხებლობის დადებას და შრომითი მოწყობის მიზნით საქართველოს საზღვრებს მიღმა ემიგრანტთა გამგზავრებასა და ინფორმირებას.
კანონპროექტის ამუშავება დადებითად აისახება იმ კუთხით, რომ ქვეყნის შიდა ბაზარზე დასაქმება მოხდება, რაც უმუშევრობის დონეს შეამცირებს. მთავარი მესიჯი, რომელსაც ეს კანონპროექტი ითვალისწინებს, არის ის, რომ უმეტესწილად, მუშახელის შემოყვანა უცხო ქვეყნებიდან ხდებოდა. ახლა ეს სხვანაირად იქნება და ეს ყველაფერი დასაქმების პარამეტრებს შეცვლის“,- აცხადებს ჯგერენაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები