„იური ვაზაგაშვილის მკვლელობა სისასტიკითა და პოლიტიკური მიზნებით ტერორისტულ აქტს ჰგავს“

იური ვაზაგაშვილის მკვლელობა სისასტიკითა და პოლიტიკური მიზნებით ტერორისტულ აქტს ჰგავს – ასე აფასებს პოლიტიკისა და სამართლის ცენტრის თავმჯდომარე, ადვოკატი ამირან გიგუაშვილი საკითხს, თუ ვის ინტერესებში შედიოდა იური ვაზაგაშვილის მკვლელობა.
„ამ საზარალი დანაშაულის დაბრალება საქმესთან უშუალოდ დაკავშირებულ პირებზე, მათ შორის ფირცხალავასა და სხვა „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელ მაღაჩინოსნებზე, საკითხის ძალიან მარტივი გადაწყვეტა იქნებოდა.
ლოგიკურად ყველაზე ნაკლებად მათ აწყობდათ ბატონი იური ვაზაგაშვილის მკვლელობა. ამ დანაშაულით დაზარალებულია ასევე მოქმედი ხელისუფლება, ვინაიდან ნებისმიერ შემთხვევაში მის იმიჯს, სამართლიანობის აღდგენის თუ ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით, სერიოზული ზიანი მიადგა. რჩება მესამე ვარიანტი, კრიმინალი, თუმცა დანაშაულის შესრულების ტექნიკა და წარმოუდგენელი სისასტიკე ამ ვერსიასაც ეჭვის ქვეშ აყენებს“, –აცხადებს გიგუაშვილი.
გიგუაშვილის აზრით, დანაშაულის სპეციფიკა, კონფლიქტის ზონასთან სიახლოვე და პოლიტიკური მოტივი სპეცსამსახურების ხელწერას ჰგავს. შესაბამისად, ტერორისტული აქტის ვერსიას არსებობის საფუძველი უთუოდ აქვს და ამაზე სამართალდამცავმა ორგანოებმა განსაკუთრებულად უნდა იმუშაონ.
„სწორედ ეს იყო ტერორისტების მიზანი, დაასუსტონ სახელმწიფო და საზოგადოებაში უკმაყოფილების, დაუცველობის მუხტმა აიწიოს. არც ერთი ვერსიის გამორიცხვა არ შეიძლება და სამართალდამცავმა ორგანოებმა თითოეული მათგანი გულდასმით უნდა გადაამოწმოს, მაგრამ ტრაგედიის პოლიტიკური ნაწილი აშკარაა, რაც შორსმიმავალ შედეგებზე შეიძლება იყოს გათვლილი“,-აცხადებს ამირან გიგუაშვილი
იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. საქართველოს მთავარი პროკურატურა იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები