ცხოვრება, როგორც ჯაზური იმპროვიზაცია, ანუ “panta rhei“

კლასიკა, ჯაზი, ტრადიციული მუსიკა, გალობა, ელექტრონული მუსიკა,- გზადაგზა შემოსულ პერსონაჟებთან ერთად მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპია. კომპოზიტორი და შემსრულებელი, საქსოფონისტი, ჯაზმენი, თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტპროფესორი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი, სხვადასხვა პროექტის ავტორი,-ამ რეგალიებისა და საქმიანობის ნაზავის გამო გეჩვენება, რომ მისი ცხოვრებაც ერთი გრძელი დაუსრულებელი ჯაზური იმპრივიზაციაა თემაზე: ,,panta rhei“…  რეზო კიკნაძე, – ,,პერსონაში“.

 

– ბატონო რეზო, მელოდიის შესაქმნელად მხოლოდ 7 ნოტია საკმარისი, შეიძლება, რომ მუსიკოსს ვთხოვო, ვერბალურად მხოლოდ 7 სიტყვით დაახასიათოს საკუთარი პერსონა?
– 7 იქნება თუ 12, თუ თორმეტჯერ თორმეტი, მელოდია ყველაფერი არ ყოფილა არასდროს: მისი ჰარმონიული, ტემბრული სტრუქტურული და კიდევ უამრავი სხვა ასპექტი ყოველთვის უფრო გადამწყვეტია, ვიდრე ამ მელოდიის ბგერათსიმაღლებრივი შედგენილობა-მიმდევრობა; მეც არა მგონია, ჩემი თავის 7 სიტყვაში ვერბალიზება შევძლო და კმაყოფილი დავრჩე: არც დიდად აფორისტული ტიპი ვარ, არც სურვილი მაქვს, 7 სიტყვაში მოვაქციო ჩემი არასტაბილური, არათანამიმდევრული და ამით, ქაოსურობის მიუხედავად, მაინც უფრო საინტერესო გინდ ცხოვრება და გინდ, როგორც თქვენ ამბობთ, – „პერსონა“…
თქვენი თაობის ადამიანებისთვის მუსიკალური შვიდწლედის დამთავრება სავალდებულო იყო, ბავშვებს მუსიკაზე ძალად ატარებდნენ, როგორც ჩანს, თქვენ გამონაკლისი იყავით1964184_708611025836729_1073452554_n
– შვიდწლედი დიდი ზარმაც- წვალებით და მშობლებთან პათეტიკური მორიგებით დავამთავრე. „ამ შვიდმა კლასმა მომცა ყველაფერი, რომ ვერკვეოდე მუსიკაში და მიყვარდეს,- ამაზე მეტის პრეტენზია არ მაქვს“… თუმცა სწორედ მას მერე, რაც აღარ მევალებოდა კვირაში ორჯერ მეტ-ნაკლებად მომზადებულს გაკვეთილზე მისვლა (უსაყვარლეს ლიანა ენგიბაროვასთან, რომელმაც სწორედაც რომ უმნიშვნელოვანიესი პირველი ნაბიჯები გადამადგმევინა და რომელსაც შარშანწინ კვლავ შევხვდი), სწორედ მას მერე გახდა მუსიკა სრულიად აუცილებელი და გვერდისაუვლელი ნაწილი ჩემი ცხოვრების,- დღემდე რომ ერთიანობაში მოუქცევია პირველი მუსიკალური შთაბეჭდილებებიც:  შუბერტის ექსპრომტი,  „პეტია და მგელი“, რადიოში „ძილისპირულის“ დისტორცია ჩიტების, ელექტრობუნკერის და ბავშვების ჭიჭყინის ჟღერადი ნარევი და უახლესი, ჯერ აქამდე განუცდელი მუსიკაც, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ყოველ ფეხის ნაბიჯზე რომ ვხდები ხოლმე.
მაინცდამაინც საქსოფონს როდის და რატომ დაუმეგობრდით?
– 1977 წელს უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, ჯერ 17-საც არ ვიყავი და უკვე ვუკრავდი კლარნეტზე. ჯაზი, კლარნეტზე დაკვრით ბავშვობიდან თანამდევი აკუსტიკურადაც და ემოციურადაც, სულ სხვა სიღრმით შემეძლო განმეცადა. თუმცა მოცარტის კონცერტის პასაჟების დაკვრაც, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ B-კლარნეტი მქონდა, დაუვიწყარ ხმად მაქვს ჩარჩენილი. მაგრამ ერთხელ დედაჩემს შეხვედრია ახლომდებარე მუსიკალური მაღაზიის გამყიდველი: „ქალბატონო ლამარა, როგორ მეცოდება თქვენი ბიჭი, ყოველდღე შემოდის და დაშტერებია საქსოფონსო“… ამის ვერმომთმენმა დედის გულმა მალევე მიყიდა უძვირესი გერმანული ალტსაქსოფონი, რომელმაც ცოტა ხანში მთლად თავდაყირა დააყენა საკმაოდ პერსპექტიული, ჩემი ღრმა და სერიოზულ კალაპოტში მდინარე კლასიკურფილოლოგიური სწავლა-განათლება…
ბატონო რეზო, განათლებით კლასიკური ფილოლოგი ხართ, ანუ კლასიკური სამყაროსადმი მისწრაფება მუსიკის ,,ბრალიც იყო?
– პირიქით. მუსიკა, შეიძლება ითქვას, „არაფერ შუაში“ იყო, თუმცა ბავშვობიდან მუსიკის და ენების ერთდროული სწავლა თურმე დიდად ეხმარება ერთმანეთს. ასე ვსწავლობდი ერთდროულად ინგლისურ-გერმანულს, მოგვიანებით ლათინურსაც და – მუსიკას… ფილოლოგიური აქცენტი დღევანდელ ჩემს მუსიკოსობაშიც არ განელებულა და ხანდახან, როცა საჭიროა, თავს იჩენს ხოლმე, მძლავრად და „შინაურად“, ტექსტი იქნება, ლექცია თუ „აბსტრაქტული“ მუსიკალური რეალობის ელემენტარული ვერბალიზების საჭიროება.
 – ამავე დროს ცხოვრებაში გაჩნდა ჯაზი: როგორც საბჭოური ხელოვნური რეალობისგან გასაქცევი საშუალება,  თუ?..
– მაგანაა, „გზას რომ ამაცდინა“ და უნივერსიტეტის ბოლო წლები, კარგი დიპლომის მიუხედავად (ნაშრომი დაბეჭდეს კიდეც მერე), მაინც საკმაოდ ფორმალურად და ინერციით დავამთავრე. დაუვიწყარ გამოცდილებად და მოგონებად დღემდე რჩება, იმიტომ, რომ ყველაზე ნამდვილი მაინც სწორედ ეს პირველი სტუდენტობა იყო. არავითარი „ხელოვნური რეალობისგან გაქცევა“ დღის წესრიგში არ მდგარა, კომუნისტური სინამდვილე და დამყაყებული სიშტერე ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების თანამდევი იყო, ბავშვობისაც და ახალგაზრდობისაც, ოღონდ, საბჭოურობა და პოლიტიკური დრამატიზმი დიდად მტკივნეული და აქტუალური არ იყო. ეს იყო ბავშვობა და ახალგაზრდობა და ასეთი იქნებოდა, სადაც არ უნდა მეცხოვრა და ვის ოჯახშიც არ უნდა გავზრდილიყავი.
ამ დროს უკვე უკრავდით კონსერვატორიის ჯაზბენდში, ტელევიზიის ბიგბენდში და ფესტივალებშიც მონაწილეობდით... როგორია ჯაზით გაზავებული თქვენი ლამაზი მოგონებები?1964197_708611169170048_462250841_n
– ზუსტად ეგეთი: „ლამაზი“: ინტენსიურიც, სასაცილოც, სევდიანიც, იმ მონატრებით და სინანულით სავსე, დღევანდელი გადასახედიდან რომ მოგერევა და ვერაფერს უშვრები… ერთი-ორი სიტყვიერი და მუსიკალური შორისდებულის გარდა…
 – ცალკეული ადამიანები  ჩვენს ცხოვრებასა და პიროვნებაზე გავლენას ახდენენ, თქვენს შემთხვევაში ეს ბატონი მიხეილ შუღლიაშვილი იყო
– მიხოსთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ  კარდინალურად შემოატრიალა ჩემი ინტერესები… ფილოლოგიურიდან ჯაზურისკენ უფრო დრამატულად ჩანს, მაგრამ ჯაზიდან კომპოზიციისკენ გადასვლას უფრო დიდი ძალისხმევა დასჭირდა. მერე კვლავ შეერთება, თავმოყრა და დღეს ამ სამივეს და კიდევ ბევრი სხვა რამის სინთეზში ყოფნა და განცდა ბევრად ადვილი და ბუნებრივი მეჩვენება, ვიდრე მაშინ ჯაზის „სამრეკლოდან“ დანახული მუსიკალური რაკურსის შეცვლა და გააზრება თანამედროვე ევროპული მუსიკის აქტუალურ საკომპოზიციო რეალობად. ამისთვის,- მუსიკას ზიარებისთვის და მუსიკოსად ქცევისთვის  სამუდამოდ მადლობელი ვარ მიხოსი.
შემდეგ იყო კონსერვატორია... და მუსიკაც კლასიკურ ჩარჩოებში ჩაისვა, არა?
-არა… კლასიკურმა ჩარჩოებმა სწორედ მაშინ დაიწყო რღვევა; თუმცა ეს არ ჰგავდა მაშინდელ არც საბჭოთა სიდებილის სასიხარულო, არც ქართული საზოგადოების სამწუხარო პოლიტიკურ რღვევას და ერთმანეთზე გადამტერებული ჩვენი ეროვნული გმირების დღითიდღე გაუფასურებას, არც – შედეგად მოგვრილ ირონიულ ნიჰილიზმს ან აპათიას; პირიქით, მე მგონი, ამ დროს დამეწყო იმ „მუსიკის გარე“ რეალობის მუსიკალურ თვალსაწიერში შემოტანა. ან, სულაც თვალსაწიერის გაფართოება და განვრცობა „არამუსიკალურ“ რეალობაზე, დღეს რომ „ექსტრამუსიკალურს“ კი ვეძახი, მაგრამ რომ არ არსებობს, რადგან ყველაფერი არსებული უკვე დიდი ხანია, მუსიკის სრულიად ლეგიტიმურ კონტექსტშია შემოსული და – მუსიკაა, ამაზე ვწერ სწორედ დისერტაციას, თუ ეღირსა, ოდესმე დამთავრება.
ამის მერე, ტრადიციული მუსიკით დაინტერესდით და ეკლესიაშიც გალობდით.. ეს ღმერთთან, საკუთარ თავთან მიახლოების დრო იყო?
– ალბათ – კი. ოღონდ ბევრად უფრო ინტენსიურად განცდილი, ვიდრე მანამდე: ადრეული ბავშვობიდან ერთმანეთში მქონდა გადახლართული სხვადასხვა ონტოლოგიური და რელიგიური, ყოვლად სუბიექტური ცრურწმენები, სტატისტიკური დაკვირვებები და სპირიტუალური „შენაძენი“ ანტიკური, აფრიკული, ინდიელების თუ ქართული მითების და ზღაპრების, მოგვიანებით კი საღმრთო წერილის მარგალიტებისგან. ანჩისხატის რეალობა და მისით მოგვრილი განცდის ინტენსივობაც და სიღრმეც განუმეორებელი იყო და ალბათ ცხოვრებაში ერთხელ თუ განიცდება: იქ მუსიკა და რელიგიური გრძნობა (წინასწარგანწყობა) მოვიდა იმ ერთობაში, რომელიც ყოველთვის ყველაფერს გადაწონის.
ბატონო რეზო, თქვენს ცხოვრებაში .. გერმანული ხანა დაიწყოგაიხსენეთ იმ პერიოდის ამბები. რა გასწავლათ და შეგძინათ ყველაზე პუნქტუალურ სამყაროსთან შეხებამ?
-პუნქტუალობაზე – ბოდიში, ვერ შევიძინე და დღესაც ძალიან ვწვალობ „ბოლო წამს გამოჩხერილი“ სხვადასხვა ჯურის შემაყოვნებელი „გაუთვალისწინებლობების“ გამო, რომელთა ანგარიშგაუწევლობა არ შეიძლება ხოლმე. ხშირად ვაგვიანებ, განსაკუთრებით აქტუალური საქმიანობის პირობებში, როცა რექტორიც ვარ, წარამარა კონცერტიც მაქვს, სამინისტროში სირბილიც მიწევს და – საერთოდაც, დიდად ვეღარ ვეკუთვნი ჩემს თავს. „შენაძენში“, სწავლის გარდა, კიდევ ერთს ვახსენებდი, რაზეც მგონია, რომ აქ, რაც უნდა კარგი აღზრდისთვის ბედის მადლობელი ვიყო, მაინც იმ სიმძაფრით ვერ განვიცდიდი: სოციალური და მოქალაქეობრივი ვალდებულება, ყველას და თითოეულს ცალ-ცალკე (არამასობრივად და ბრბოსავით) რომ აქვს განცდილი და ამ განცდით რომ ცხოვრობს ყველა უმცირეს დეტალში. ეს იქ, გერმანიაში  მთელი სიმძაფრით განვიცადე და მგონია, სანამ აქ არ გაიჟღინთება ამითვე ყოველი ინდივიდუუმის ფსიქიკა, მანამდე არა ეშველება ამ ქვეყნის არც პოლიტიკურ, არც კულტურულ, არც სოციალურ რეალობას.
გერმანიაში ელექტრონული მუსიკით დაინტერესდით. 1964750_708611642503334_1409866525_n
– ერთ-ერთი უმთავრესი, რაც იქ შევიძინე და ურომლისოდაც ჩემი კომპოზიტორობა ვერ წარმომიდგენია (თუმცა 80 პროცენტი ჩემი აქტუალური კომპოზიციებისა ინსტრუმენტულია და არა ელექტრონული), სწორედ ელექტროაკუსტიკური მუსიკა და მის წიაღში აზროვნება იყო. ეს სფეროა, აქაც რომ სხვადასხვა ასპექტით საჭიროებს დანერგვას და ზრუნვას, ვგულისხმობ, მის კლასიკურ საწყისებს, თორემ ელექტრონული პოპულარული და კლუბური ცხოვრება საქართველოშიც კარგა ხნის ფეხმოკიდებული და მჩქეფარეა; მე მხედველოში კლასიკური მაქვს და სწორედ ამას ვთავაზობ, ვუჩიჩინებ სტუდენტებს: დღეს მცხოვრები მუსიკოსი, რაც უნდა ტრადიციულად აზროვნებდეს და საქმიანობდეს, წარმოუდგენლად მიმაჩნია ამ მედიუმთან შეხების გარეშე, ცოდნის დონეზე მაინც.
ბატონო რეზო, კლასიკა, კაზი, ტრადიციული მუსიკა, გალობა, ელექტრონული მუსიკა,- ეს ცხოვრების განსხვავებული ეტაპებია, რის შემდეგაც დღეს ის ხართ, რაც ხართ? ..
– ალბათ. ოღონდ ამას ცხოვრების არაარტისტული ეტაპები და ცხოვრებში სხვადასხვა დროს შემოსული პერსონაჟებიც (მშობლები, ოჯახი, მეგობრები, მასწავლებლები, კოლეგები) თუ არ დავუმატეთ, არასრული არასრულფასოვანი და „საპყრული“ არსებობა გამოვა…
გერმანიაში პედაგოგის ამპლუაც მოირგეთ, ამან თავდაჯერება უფრო შეგძინათ?
– თავდაჯერებასთან ბრძოლის უნარი შემძინა, აუცილებელი ყველა პედაგოგისთვისაც, ზოგადად ხელოვანისთვისაც და ადამიანისთვისაც; თუ გავითვალისწინებთ, რომ თავდაჯერება და „უკითხავობა“, ეჭვშეუტანლობა მგონია, ყველანაირი ამპარტავნების, სიშტერის, ფანატიზმის, ფუნდამენტალიზმის და ათასი სხვა ბოროტების მიზეზი,- პოლიტიკაშიც, ხელოვნებაშიც, აღზრდაშიც.
დღეს უკვე კონსერატორიის რექტორი ხართ, რა არის ის, რაც დარჩა თქვენში უცვლელად, რასაც უკვე ვერაფერი შეცვლის?
– მირჩევნია, კვეხნით არ დავასახელო ყველაზე სანუკვარი და „უცვლელი“ რამეები, რადგან უცვლელობას მათაც ვერ დავწამებ, ჰერაკლიტემ ბრძანა: პანტა რჰეი,- (“panta rhei“)- “ყველაფერი მდინარებს“.
წარმატებული პროფესიონალი ბედნიერი ადამიანიც თუ არის?
– უბედურად რომ ვთვლიდე თავს – უმადური უნდა ვიყო; მაგრამ მთლად ბედნიერადაც ვერ მოვიტყუებ: სადაც ამდენი სიღარიბე, სნეულება, უვიცობა, მტრობა და სიავეა ჩვენს გარშემო – ყვავილებით მორთული ვერ ვირბენ სამყაროს გაუკეთესობის რწმენით და „ჰარე კრიშნას“ ძახილით: ნერვებიც დაიხარჯება, ენერგიაც, სიცოცხლეც კი, მაგრამ დიდ ან ხანგრძლივ კმაყოფილებას, მჯერა, ვერადროს ვერ მივეცემი, არც არავის ვუსურვებ,- სტაგნაციის და მერე უკუსვლის პირველი ნაბიჯი ალბათ ეგ არის…

 

თეონა გოგნიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები