„მე ემოციებით სავსე ქართველი მაყურებელი მიყვარს…“
„ბუნდოვნად მახსოვს, რომ 5-6 წლის ვიყავი, მამამ რუსთაველის თეატრში სპექტაკლზე წამიყვანა. სპექტაკლში აკაკი ხორავა და აკაკი ვასაძე თამაშობდნენ. მას შემდეგ, სულ ვფიქრობდი, რომ თეატრში მუშაობა მინდოდა. ჩავაბარე თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. მსახიობად დიდხანს ვიმუშავე, თუმცა რეჟისორობა მინდოდა. არ გამოდიოდა, რადგან მაინცდამაინც დისციპლინიანი კაცი არ ვიყავი ინსტიტუტში, რის გამოც სარეჟისორო ფაკულტეტზე აღარ ჩამაბარებინეს.“ – მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი ოთარ ბაღათურია.
– ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრი…
– მოზარდმაყურებელთა თეატრი ჩემი სახლია. ამ თეატრში მოვედი, როგორც მსახიობი, ჩემს პედაგოგ შალვა გაწერელიასთან. არაჩვეულებრივი რეჟისორი და პედაგოგი იყო. უნდა ვთქვა, რომ ვისაც მასთან მოგვიწია მუშაობა, გაგვიმართლდა. თითზე ჩამოსათვლელები არიან ისეთი რეჟისორები, როგორიც შალვა გაწერელია იყო. მის შედევრებზე რომ არაფერი ვთქვა, მასთან მუშაობის პერიოდში ბევრი რამ ვისწავლე. თითქმის ყველა სპექტაკლში მისი ასისტენტი ვიყავი. როდესაც ბატონი შალვა თეატრიდან წავიდა, მე სცენაზე აღარ გავსულვარ. სხვა რეჟისორთან მუშაობა აღარ მაინტერესებდა. ამ დროს, ჩემი პიესა „ამიკო“ უკვე დაწერილი მქონდა. დავიწყე მუშაობა და პირველი სპექტაკლი დავდგი. ფაქტობრივად, ამ პიესით და სპექტაკლით იწყება ჩემი, როგორც რეჟისორის შემოქმედება. რეჟისურამ კი დრამატურგიაშიც გადამადგმევინა ფეხი, რადგან მიჭირს პიესების შერჩევა. ვკითხულობ პიესებს და ვგრძნობ, რომ ჩემი არ არის. ამის გამო თვითონ დავიწყე მათი წერა.
პიესა „ამიკოს“ მოჰყვა „მეფე ლირი თავშესაფარში“, რომელიც მეუღლესთან უთანხმოების შემდეგ დავწერე. ჩემი სიტყვები, – ჩვენ ერთმანეთს დავშორდებით, მაგრამ მოხუცთა თავშესაფარში შევხვდებით, იმიტომ, რომ შვილები იქ ჩაგვაბარებენ, – სპექტაკლის სიუჟეტად მომეწონა. საქართველოს შვიდ თეატრში დაიდგა და დიდი წარმატება მოჰყვა. 2001 წელს საუკეთესო პიესად აღიარეს. პიესაში დასმული პრობლემები აქტუალურია, რადგან ასახულია არა მხოლოდ ჩვენი სოციალური რეალობა, არამედ ადამიანის შინაგანი ბუნება და სამყარო. სპექტაკლი დაიდგა, აგრეთვე ლატვიის ქალაქ ვალმეირას დრამატულ თეატრში. პირველი მაყურებელი სწორედ მოხუცთა თავშესაფრიდან იყო. მართალია, მათ სოციალური პრობლემები არ აწუხებთ, მაგრამ მიტოვებულობის განცდა აქვთ. ზოგადად, ეს პიესა მოზარდმაყურებელთა თეატრისთვის და მსახიობებისთვის დაიწერა. სამწუხაროდ, რამდენიმე წლის განმავლობაში თეატრში ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო. თვალწინ მიკვდებოდა თეატრი და წინააღმდეგობა რომ გავუწიე, გამიშვეს. ახლა ისევ შემომთავაზეს ამ პიესის დადგმა და, მიუხედავად იმისა, რომ ამ თეატრს ბევრი მსახიობი გამოაკლდა, ვფიქრობ, უნდა დაიდგას.
– ბატონო ოთარ, თქვენ თქვით, რომ პიესას კითხულობთ და გრძნობთ, რომ თქვენი არ არის. რა შეგიძლიათ გვითხრათ თანამედროვე დრამატურგიის პრობლემებზე?
– ვერ ვიტყვი, რომ პიესები არ იწერება. ახალგაზრდები აქტიურად წერენ, მაგრამ ვკითხულობ მათ და გაოგნებული ვრჩები, იმდენად ზედაპირულია. თითქოს თვითმიზნად არის ქცეული გინება, დამახინჯებულია, ანეკდოტების დონეზე იწერება, ზოგი რაღაც ორიგინალურ ფორმებს ეძებს, რაც ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია.
თეატრი არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება საშუალო განათლებით შეხვიდე და სპექტაკლის შემდეგ, უმაღლესი განათლებით გამოხვიდე. თეატრი ეს ემოციური დატვირთვაა. ამიტომ, მე სულ ვცდილობ, ჩემს სპექტაკლებში დრამა და კომედია გვერდიგვერდ იყვნენ. ცხოვრებაც ასეთია და იმიტომ. ამით უფრო უადვილდება მაყურებელს იმ მთავარი აზრის აღქმა, რომელიც რეჟისორს უნდა თქვას.
ჩემთვის თეატრი არის მსახიობი და ადამიანის პრობლემები. მე ნაკლებად მაწუხებს გმირის პრობლემა. ვფიქრობ, საერთოდ არ გვჭირდება გმირი. პატარა, სუსტი ადამიანის პრობლემები უფრო მაწუხებს, რომელიც შეიძლება ნიჭიერია, მაგრამ მაინც იჩაგრება, ვერ აუწყო ფეხი ცხოვრებას. მაინტერესებს ადამიანური ურთიერთობები, დამოკიდებულებები, რადგან ისინი არ არიან ცალმხრივები და ერთი მიმართულებით მოაზროვნეები. სხვადასხვანაირები არიან, დადებითი და უარყოფითი თვისებებით.
– თანამედროვე ქართული თეატრის პრობლემები…
– ქართულ თეატრს საკმაოდ ბევრი და მძიმე პრობლემები აქვს, მაგრამ მგონია, რომ არ მოკვდება და განვითარდება. პირველი პრობლემა ეს დაფინანსებაა. მერე, რაღაც არაპროფესიონალიზმმა მოიკიდა ხელი. თითქოს ეზარებათ, თითქოს არ იციან… შეიძლება ეს განათლების და ინსტიტუტის პრობლემაც არის. მსახიობი მოდის თეატრში და ფაქტობრივად არაფერი არ იცის. მე მოაზროვნე მსახიობი მიყვარს.
არავის დაკნინება არ მინდა, მაგრამ ჩვენ მსახიობების მთელი ვარსკვლავედი გვყავდა. მთელი თაობა წავიდა ამ ქვეყნიდან. მათ თეატრის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოედგინათ. იმედი მაქვს, წამოვა თაობა და აუცილებლად იტყვის ქართული თეატრი თავის სიტყვას. პრობლემები გადაილახება, მაგრამ დიდი ყურადღებაა საჭირო. მსახიობი სხვა შემოსავალზე აღარ უნდა ფიქრობდეს. ბევრს უშლის ხელს შოუ, სერიალები. იშტამპებიან და მაყურებელი უკვე აღარ აღიქვამს იმ პერსონაჟად, რომელსაც თეატრში თამაშობს.
– მაყურებელი…
– მე მქონდა ბედნიერება, რიგელი მაყურებელი მენახა. საოცარი მაყურებელია. მათთვის თეატრში მისვლა მთელი რიტუალია. მთელი კვირა ემზადებიან. მათ შეუძლიათ, მშვიდად უყურონ, ორი-სამი საათი სპექტაკლს, მაგრამ უემოციო ხალხია. არ გამოხატავენ. დაუკრავენ ტაშს და წავლენ. მე კი, ემოციებით სავსე ქართველი მაყურებელი მიყვარს. მიყვარს ჩვენი, მოზარდმაყურებელთა თეატრის მაყურებელი – ბავშვები. ჟივილ-ხივილი და ერთი ამბავი რომ აქვთ. სხვათა შორის, ბავშვები არაჩვეულებრივი მაყურებელები არიან. მაგალითად, სპექტაკლში „ამიკო“ მთავარი პერსონაჟი კვდება. სპექტაკლის შემდეგ, კულისებში მამამ ატირებული ბავშვი შემოიყვანა, ენახა, რომ ცოცხალია და არა მკვდარი. სპექტაკლ „მეფე ლირი თავშესაფარში“ ასეთი შემთხვევა გვქონდა. სპექტაკლის შემდეგ, ბავშვის დედამ მიამბო, რომ სახლში მისულმა ბავშვმა ბებიას უთხრა: ბებია, ჩვენ არასდროს ჩაგაბარებთ მოხუცთა თავშესაფარშიო. ეს არის გულწრფელი და ალალი მაყურებელი, რომელიც არ უნდა მოატყუო.
გარდა ამისა, ვფიქრობ, როდესაც ბავშვს დედა, ბებია, მამა მოყვება, მათ თავიაანთი უნდა მიიღონ სპექტაკლიდან. ყოველთვის ვცდილობ, ჩემი სპექტაკლები, როგორც ბავშვებისთვის, ისე მშობლებისთვის იყოს საინტერესო.
– კრიტიკა საქართველოში…
– სულ მგონია, რომ რაღაც კლანმა ჩაიგდო თეატრი ხელში. ჩემი სპექტაკლი რიგაში რომ დაიდგა, მეორე დღესვე პრესა მაღალ პროფესიონალურად განხილული სტატიებით გაივსო. სამწუხაროდ, საქართველოში სერიოზული კრიტიკა, რომელიც მსახიობს, რეჟისორს და სპექტაკლს სჭირდება, არ არის. პრემიერის შემდეგ რომ მოდიან და მილოცავენ, მე ვხვდები, ვინ გულწრფელად მილოცავს და ვინ ფორმალურად. მე ხომ ისედაც წინასწარ ვიცი, რა გავაკეთე. სიმართლის თქმა გვიჭირს.
მედიისგან სრული უყურადღებობაა. განსაკუთრებით ბეჭდური მედიისგან. პრესაში დაწერილ სტატიას თუ ანალიზს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ტელევიზიაში გაშუქებულს. ახლა თეატრის დღე აღინიშნა, დაჯილდოვდნენ მსახიობები, რეჟისორები და არაფერი ვიცოდით, ჭორის დონეზე გავიგეთ.
მზევინარ ხუციშვილი