უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი თამაზ სუხიაშვილია
უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი თამაზ სუხიაშვილია. სუხიაშვილი ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხადან იყო. როგორც “რუსთავი 2”-ს უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა დავით მაყიშვილმა განუცხადა, თამაზ სუხიაშვილი დონეცკის აეროპორტის შტურმის დროს დაიღუპა. მასთან ერთად დაიჭრა კიდევ სამი ქართველი, თუმცა მისივე თქმით, დაჭრილი ქართველების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“გუშინ საღამოს შეტაკებისას დაიღუპა ერთი ქართველი მებრძოლი და სამი დაიჭრა მსუბუქად. მე მაქვს ინფორმაცია, რომ გუშინ საღამოს მოხდა შეტაკება 93-ე ბრიგადის მეორე ბატალიონის მეექვსე ასეულსა და რუს სამხედროებს შორის დონეცკის მიმართულებაზე დასახლებული პუნქტი პესკებიდან. ოპერაცია განხორციელდა იმისათვის, რომ გადაეტანათ მოწინააღმდეგის ყურადღება, რადგან განხორციელებულიყო აეროპორტის გზის გათავისუფლება, საიდანაც მოხერხდებოდა დაჭრილების გამოყვანა. ბოლო 3 დღეა აეროპორტში მიმდინარეობს ბრძოლა, ვერ ხერხდებოდა დაჭრილების და გარდაცვლილების გამოყვანა. ამის გამო მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინულ შეიარაღებულ ძალებს განეხორციელებინათ მცირემასშტაბიანი შეტაკებები, რათა გაენთავისუფლებინათ აეროპორტის გზა. ამ მცირემასშტაბიანი შეტევის დროს 1 ქართველი დაიღუპა და 3 დაიჭრა. დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაღუპულს უახლოეს დღეებში ალბათ საქართველოში გადმოასვენებენ”, – განაცხადა დავით მაყიშვილმა.
მომხდარი ტრაგედიის შესახებ ოჯახს უკვე შეატყობინეს. ქართველ ჯარისკაცს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ოჯახის წევრების განცხადებით, თამაზ სუხიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2012 წლამდე მსახურობდა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში.