სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობარი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან – სუს-ი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობარი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან, – ამის შესახებ სუს-ის ანგარიშშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, რეგიონში შექმნილი ურთულესი ვითარებისა და ახალი გეოპოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით, 2024 წელს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო სტრატეგიული პარტნიორების შესაბამის უწყებებთან ეფექტიანი და მჭიდრო კოორდინაციის გაგრძელება.
სუს-ის ინფორმაციით, მათთან თანამშრომლობით უსაფრთხოების ცალკეულ მიმართულებებზე სამსახურის შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერება და მტკიცე პარტნიორული ურთიერთობების ფარგლებში, უსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლა.
“საანგარიშო პერიოდში ძალაში შევიდა „საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ“ და „საქართველოს მთავრობასა და ალბანეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმებები.
უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებისა და სამართალდაცვითი მიმართულებით ეფექტიანი თანამშრომლობის ხელშესაწყობად, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სამსახურის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს პარტნიორი ქვეყნების მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა სახის ღონისძიებებსა თუ სასწავლო კურსებში.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გრძელდებოდა გაეროსთან თანამშრომლობა სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებში, მათ შორის, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში.
2024 წელს სამსახურის წარმომადგენელი მონაწილეობდა სტრასბურგში გამართულ ევროპის საბჭოს კონტრტერორისტული კომიტეტის (CDCT) პლენარულ სესიებში, რომლის ფარგლებში სამსახურის მიერ წარდგენილი ინფორმაცია ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში საქართველოს ძალისხმევის შესახებ პოზიტიურად შეფასდა CDCT-ის წევრების მიერ.
სამსახური წარმატებით განაგრძობდა ევროკავშირის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ცენტრების ინიციატივასთან თანამშრომლობას. როგორც აღნიშნული ინიციატივის სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული სამდივნოს მასპინძელი მხარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად იყო ჩართული ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტების განხორციელებასა და ახალი აქტივობების დაგეგმვაში”, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.