„საკადრო გადაწყვეტილებების თვალსაზრისით 2015 წელი მნიშვნელოვანი იქნება“

რაც ამ დროისთვის ვიცით, სრულიად საკმარისია იმის სათქმელად, რომ საკადრო გადაწყვეტილებების თვალსაზრისით 2015 წელი მნიშვნელოვანი იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განუცხადა.
როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, პარლამენტის საგაზაფხულო სესია იწყება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილებით – დასანიშნია უზენაესი სასამართლო თავმჯდომარე.
მისი თქმით, სხვა რომ არაფერი ხდებოდეს, ეს საკმარისია იმისთვის, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა.
“პარლამენტის საგაზაფხულო სესია იწყება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილებით – დასანიშნია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. სხვა რომ არაფერი ხდებოდეს, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა? გარდა ამისა, დასანიშნები არიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, ძალიან მნიშვნელოვანი სამი ვაკანსიაა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში, შესაძლოა, იყოს ვაკანსია საკონსტიტუციო სასამართლოშიც. ეს რაც უკვე ვიცით, სრულიად საკმარისია ვთქვათ, რომ საკადრო გადაწყვეტილებების თვალსაზრისით 2015 წელი მნიშვნელოვანი იქნება”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, საკადრო გადაწყვეტილებები საპარლამენტო თანამდებობებზე მყოფ “თავისუფალ დემოკრატებს” შეეხოთ, დეპუტატმა განაცხადა, რომ ამ კითხვას პრინციპულად არ უპასუხებს.
„დებილი მგონია თავი, როდესაც ამ კითხვას კიდევ ერთხელ მისვამენ. უკვე ასჯერ გავეცი პასუხი და ვისაც უნდა, რომ გაიგოს, გაგებული ექნება, ხოლო ვისაც არ უნდა, გაიგოს, მაინც ვერ გაიგებს – თუკი ვინმე ასეთ რამეს გეგმავს, კითხვა მას დაუსვით. ჩემი აზრი და პოზიცია ცნობილია “, – აღნიშნა ხიდაშელმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს განაცხადა, რომ პარლამენტის საგაზაფხულო სესია ბევრი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო, პოლიტიკური, საკადრო გადაწყვეტილებით იქნება დატვირთული. ერთ-ერთი ვერსიით, ცვლილებები, რომელსაც დავით უსუფაშვილი აანონსებს, შესაძლოა, ირაკლი ალასანიას საპარლამენტო გუნდის წევრებს ეხებოდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები