ვიქტორ დოლიძე: სერიოზული საპარლამენტო ბერკეტების ხელიდან გაშვებას არ ვაპირებთ
“თავისუფალი დემოკრატები” პარლამენტში დაკავებული თანამდებობების საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვებას არ აპირებენ – ამის შესახებ ჟურნალისტებს “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ განუცხადა.
ვიქტორ დოლიძის თქმით, გადაწყვეტილება უმრავლესობის მისაღები იქნება, თუმცა, ისინი თანამდებობებიდან გადადგომას არ აპირებენ.
“ჩვენ როგორც განვაცხადეთ, არ ვაპირებთ სერიოზული საპარლამენტო ბერკეტების ხელიდან გაშვებას, ამიტომ კითხვა უმრავლესობისკენ უნდა იყოს მიმართული, რადგან მათ შეუძლიათ 76 ხმით საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების გადაყენება. “თავისუფალ დემოკრატებს” თანამდებობების პრობლემა არ გვაქვს. აქ საუბარია იმ პოლიტიკურ ბერკეტებზე, რაც ჩვენ გაგვაჩნია”, – განუცხადა ჟურნალისტებს ვიქტორ დოლიძემ.
ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღეს განაცხადა, რომ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის განმავლობაში მოსალოდნელია ბევრი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო, პოლიტიკური და საკადრო გადაწყვეტილების მიღება.
ცვლილებები, რომელსაც დავით უსუფაშვილი აანონსებს, შესაძლოა, ირაკლი ალასანიას საპარლამენტო გუნდის წევრებს ეხებოდეს.