„მე მაი-ნატა ლაშაური ვარ. ორი სახელი მაქვს, მამის ყოფილი შეყვარებულის გამო. მოკლედ, გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. დავიბადე პირველ სექტემბერს, არ მინდა მარტო ჩემს თავზე ვილაპარაკო, ამიტომ ბებოზეც გეტყვით – ბებო ბერძენი იყო, უყვარდა ქარგვა, ხატვა, ძერწვა. დედა ოსი მყავს, მაგრამ არ ხატავს. მამა ქართველია, უყვარს დიიიდი სადღეგრძელოები. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ სამი სისხლი მაქვს გულში“. – მხატვარი, ილუსტრატორი მაი ლაშაური.
– როდის დაიწყე ხატვა?
– ძალიან პატარა ვიყავი, ხატვა რომ დავიწყე. არც კი მახსოვს, რამდენი წლის. მამის ნახატების ნახვის შემდეგ, სტიმული მომეცა. ზოგადად, მამა აქტიურად იყო ჩართული და ხელს მიწყობდა მხატვარი გავმხდარიყავი. პირველად ბალერინა დავხატე და დამცინეს.
– დაამთავრე სამხატვრო აკადემია…
– დიახ, სამხატვრო აკადემიის გრაფიკული დიზაინისა და ვიზუალური კომუნიკაციების ფაკულტეტი დავამთავრე. ძალიან მიყვარს ეს პერიოდი. განსაკუთრებით მსიამოვნებდა გამოცდები. ყველაზე კარგად მახსენდება, ალბათ, იმიტომ, რომ ხატვა მიყვარს. თუმცა ამ მიმართულებით დღეს არ ვმუშაობ. უფრო ხელით ხატვა მანიჭებს სიამოვნებას, ვიდრე კომპიუტერთან მუშაობა.
– ვინ არიან შენი შემოქმედების პერსონაჟები?
– ჩემი შემოქმედების ძირითადი პერსონაჟი მე ვარ. ნამუშევრებში საკუთარ თავს ვხატავ და ვცდილობ, ის ვათქმევინო მათ, რისი თქმაც მე მინდა და არ გამომდის. ძირითადად, ფერად გოგონებს ვხატავ. მინდა ყველა ადამიანი იღიმებოდეს და ბედნიერი იყოს. ამისთვის ვიბრძვი. მე სულ კარგ ხასიათზე ვარ. როცა ცუდად ვარ, მაშინაც ვცდილობ გავიღიმო. მინდა ყველა ბედნიერი იყოს.
– ფერები შენს შემოქმედებაში…
– ჩემი სახატავი მაგიდის წინ მაქვს დიდი კარადა, სადაც არის ბევრი ჭრელი წიგნი. ვიღებ ოთხ ფერს და ვარჩევ. ეს მეთოდი მეხმარება და ჩემზე კარგად მუშაობს. ახლა საღებავები ვიყიდე, რომლებიც ულტრაიისფერ შუქზე ფოსფორისფრად ანათებს. ძირითადად, ამ საღებავებით ვხატავ.
– გამოფენები…
– პირველი პერსონალური გამოფენა კოტე ჯინჭარაძის დახმარებით „ოატ გალერიში“ მქონდა. მეორე „თი-ბი-სი“ გალერეაში, გიორგი კეკელიძის მინიატიურების პრეზენტაციასთან ერთად, გამოფენაც გავაკეთეთ. 15 ილუსტრაცია და სხვა ჩემი ნამუშევრები გამოვფინეთ. ახლა კიდევ ვაპირებ გამოფენის გაკეთებას, მაგრამ ნამუშევრები ბევრია და ჩარჩოები დიდი ფუფუნებაა. ამ პრობლემას რომ მოვაგვარებ, აუცილებლად გავაკეთებ.
– რამდენად რთულია ლექსების ილუსტრირება?
– რთული იმიტომ იყო, რომ მეშინოდა, გიორგის მოეწონებოდა თუ არა. მისი ლექსები შევითვისე და შიგნიდან ვიგრძენი. ახლა ასეც ხდება, რომ ჩემს ნახატებზე გიორგი წერს ლექსებს. აგრეთვე, გავაფორმე დეფის და გაგა ნახუცრიშვილის წიგნებიც.
– ნამუშევრებს ყიდი?
– არასდროს მიფიქრია ნამუშევრების გაყიდვაზე. სულ ვჩუქნი. ახლა მეგობარმა გადაწყვიტა, ჩემი აგენტი გახდეს. სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გვერდი გავაკეთეთ, სადაც ჩემი ნამუშევრებია განთავსებული. ასე ვაპირებთ გაყიდვას.
ზოგადად, ძალიან მოსწონთ ჩემი ნამუშევრები. სულ მიქებენ. მე კი კრიტიკა მჭირდება, რომ მივხვდე რეალურად, როგორია – კარგი თუ ცუდი. მახსოვს, ერთ-ერთმა მეგობარმა მომწერა, შენ ხარ უსირცხვილო, ძუძუებიან ქალებს ხატავო, და წამშალა მეგობრებიდან. რთულია საქართველოში მარტო ხატვით ცხოვრება. ისეთი პროფესიაა, ძალიან უნდა გიყვარდეს, რომ მხოლოდ ხატვით იცხოვრო და დაიხარჯო.
ჩემი ყველაზე საყვარელი მხატვარი რუსუდან გობეჯიშვილია. დიდი კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაში. სულ მეშინია მისი გავლენის ქვეშ არ მოვექცე. ვცდილობ ჩემი ხელწერა მქონდეს.
მინდა საზღვარგარეთ წასვლა. საზაფხულო სკოლა ვნახე და აუცილებლად წავალ.
– როგორც ვიცი, ტასაცმელზეც ხატავ…
– დიახ, შვეიცარიიდან მაქვს შეკვეთა. ძალიან ლამაზი და ეფექტური გამოდის. სპეციალური საღებავია, რომელიც რეცხვისას არ გადადის. საღებავი საკმაოდ ძვირია, მაგრამ როცა მჭირდება ყოველთვის ყიდვის საშუალება. რატომღაც ასე ხდება, რასაც ვითხოვ, მოდის. პრობლემას არ ვიქმნი. ყველაფერი მიხარია. მჯერა, რომ ყველაზე ბედნიერი ვარ. მე და ჩემს მეგობარს გვაქვს ბიზნესგეგმაც. მჯერა, რომ გაამართლებს. მთავარი მონდომებაა.
– სახელოსნო გაქვს?
– სახელოსნო არ მაქვს და მინდა, მქონდეს ჩემი სახლი. არ მიყვარს ნივთების ალაგება და მერე ისევ გადმოლაგება. ზოგჯერ მომნდომებია ხატვა და დამზარებია გადმოღება. ახლა ერთი კვირაა, არ დამიხატავს და ცოტა მოვდუნდი.
– ცხოვრობდი ვლადიკავკაზსში…
– მამას იქ ცხოვრება არ მოსწონდა და წამოვედით. ახლა ვეღარ გადავდივართ. იქ ბევრი მეგობარი მყავს, აგრეთვე – ბებია, დეიდები. ყველაზე საყვარელი და ახლობელი ადამიანები. იქ ცხოვრება არა, მხოლოდ დროებით წასვლა მინდა.
მზევინარ ხუციშვილი