გივი მიქანაძე – უახლოესი დღეების განმავლობაში შესაბამის მიზნობრივ ჯგუფებთან ვგეგმავთ განათლების რეფორმის განხილვას
„უახლოესი დღეების, კვირების განმავლობაში შესაბამის მიზნობრივ ჯგუფებთან ვგეგმავთ წარმოდგენილი კონცეფციის განხილვას, რათა მოვისმინოთ მათი მხრიდან არგუმენტირებული პოზიციები და საბოლოო ხედვა ჩამოგვიყალიბდეს,“ – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განათლების სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან“ ერთად განაცხადა.
მისივე თქმით, ეს სფერო ძალიან მგრძნობიარეა, რადგან ის ეხება ყველა ოჯახს. არ არსებობს ოჯახი, რომელსაც კვეთა არ ჰქონდეს განათლების სისტემასთან. როდესაც უმაღლეს განათლებას ეხება საქმე, აქ კიდევ უფრო მეტი მოთხოვნილებებია.
„პრეზენტაციის დროს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა და შემდგომში, როდესაც კომენტარები გაკეთდა ჩემი მხრიდან, თუ ჩემი მოადგილეების მხრიდან, რომლებიც სხვადასხვა ეთერს სტუმრობდნენ, ცალსახად ითქვა იმის შესახებ, რომ ჩვენ უახლოესი დღეების, კვირების განმავლობაში შესაბამის მიზნობრივ ჯგუფებთან ვგეგმავთ, წარმოდგენილი კონცეფცია განხილულ იქნას. მოვისმინოთ მათი მხრიდან არგუმენტირებული პოზიციები, რათა საბოლოო ხედვა ჩამოგვიყალიბდეს. მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან შეიქმნა სამთავრობო, სპეციალური კომისია, რომელიც მუშაობდა სწორედ ამ საკითხზე და მრავალთვიანი მუშაობის შედეგის წარდგენა მოხდა გასულ კვირას, როდესაც პრემიერმა საჯაროდ წარადგინა კონცეფციის სამუშაო ვერსია. ასე იყო ის სწორედ საზოგადოების წინაშე წარდგენილი და მიწოდებული.
მცდელობა არის და, სამწუხაროდ, ვხედავთ გასული დღეების განმავლობაში, რომ რიგი, კონკრეტული ჯგუფების მხრიდან მიზნობრივად ხდება საზოგადოებისთვის არასწორად ინტერპრეტირება იმ დოკუმენტისა, რომელიც გასაჯაროვდა და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია. მიზანი მარტივია, ყველასთვის ცნობილია, რომ ეს სფერო ძალიან მგრძნობიარეა, რადგან ის ეხება ყველა ოჯახს. არ არსებობს ოჯახი, რომელსაც კვეთა არ ჰქონდეს განათლების სისტემასთან. როდესაც უმაღლეს განათლებას ეხება, აქ კიდევ უფრო მეტი მოთხოვნილებებია“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.