„ხატვა როდის დავიწყე, ნადმვილად არ მახსოვს. როგორც მეუბნებიან, ფანქრის დაჭერა, როგორც კი შევძელი, მის მერე ვხატავ…“ მხატვარი ბუბა არაბული.
-შთაგონების წყარო…
-ხატვის განწყობა საიდან მოდის და რატომ ჩნდება, ვერ გეტყვით. შთაგონების წყარო შეიძლება იყოს წიგნი, ფილმი კარგი გამოფენა და ყველაფერი ის, რაც ემოციებს იწვევს ადამიანში.
-გარემო, რომელიც მუშაობისთვის აუცილებელია…
-მუშაობის დროს სასურველია მყუდრო და მშვიდი ატმოსფერო. თუმცა, შეიძლება იყოს ხმაურიც, მაგრამ მე მქონდეს შინაგანი სიმშვიდე ხატვისთვის. ხელოვანის ჩამოყალიბების პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, რომელიც მისი ნიჭის განვითარებას ხელს შეუწყობს. მე ამ მხრივ გამიმართლა. ჩემი მშობლები ხელოვნები არიან და ბავშვობიდან ვიზრდებოდი შემოქმედებით გარემოში.
-პირველი პერსონალური გამოფენა…
-პირველი პერსონალური გამოფენა ყველაზე ემოციურად მახსენდება. მაშინ 9 წლის ვიყავი და ჩემთვის ის დღე იყო დიდი ზეიმი, უამრავი დამთვალიერებლით, სიყვარულით, სითბოთი და ემოციებით აღსავსე.
-როგორც ვიცი, სახელოსნო დაგეწვათ, რთული არ იყო ფაქტობრივად, თავიდან დაწყება?
-წარმოუდგენელია მხატვარი სახელოსნოს გარეშე, თუმცა სახელოსნოს მოწყობა ნებისმიერ გარემოში შეიძლება. ჩემთვის დაუვიწყარი ტკივილია სახელოსნოს დაწვა, შემთხვევით გადარჩა რამდენიმე ნახატი. ეს დიდი ხნის წინ მოხდა, მაგრამ განცდა არ მინელდება. ის ნახატები, რომლებსაც ერთი წლიდან ვხატავდი, აღარ არსებობდა, ამ ყველაფერმა დამიტოვა დიდი ნაცრისფერი სიცარიელე, რომელიც ტრაგედიასთან ერთად ჩემთვის დიდ შემოქმედებით იმპულსადაც იქცა და ახალი ეტაპი დაიწყო ჩემს მხატვრობაში.
-შეიძლება თუ არა მხატვარმა საქართველოში იცხორვოს თავისი შემოქმედებით?
-საქართველოში რთულია მხატვარმა თავისი შემოქმედებით ირჩინოს თავი და ამიტომაც მიდის ბევრი ნიჭიერი ადამიანი საზღვარგარეთ, თუმცა არიან გამონაკლისებიც, ვინც ამას ახერხებს.
-ფერები თქვენს შემოქმედებაში…
-ჩემს შემოქმედებაში მქონია ბევრი ეტაპი. უწყვეტი მუშაობა წარმოუდგენელია და ყოველი პაუზის შემდეგ ნამუშევრებიც განსხვავებული გამოდის, როგორც შინაარსობრივად, ასევე ფერებით. თუმცა არსებობს ისეთი ფერთა შეხამება, რომელსაც ალბათ არასდროს გამოვიყენებ.
-გამოფენები და შთაბეჭდილებები…
-გამოფენა მხატვრისთვის არის განვლილი პერიოდის ერთგვარი რეზიუმე. პირველ რიგში ხატავ იმიტომ, რომ გსიამოვნებს და ამას თუ თან ერთვის დამთვალიერებლების დადებითი ემოციებიც, ეს რა თქმა უნდა ორმაგად სასიამოვნოა.
-რა შეგიძლიათ თქვათ თანამედროვე ქართული ხელოვნების შესახებ?
-ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვყავს, ხელოვნების მრავალ დარგში. ქართველი ხელოვანები საბჭოთა ცენზურის მიუხედავად ყოველთვის ინარჩუნებდნენ ინდივიდუალიზმს. ახალ თაობას კი უფრო დიდი გასაქანი აქვს, რადგან მათ არანაირი სტერეოტიპი აღარ ბოჭავთ და დღევანდელ ხელოვნებასაც ეს თავისუფლება უკვე ეტყობა.
-მხატვრის თვალით დანახული ჩვენი სინამდვილე…
-შემოქმედ ადამიანს განვითარებული აქვს გრძნობითი საწყისი, შესაბამისად, გარემოსაც განსაკუთრებული ემოციით აღიქვამს. ხშირად ეს ხდება ყოველდღიურ ცხოვრებაში მაქსიმალური ჩართულობის მიზეზით. ზოგჯერ კი ხელოვანი გარემოდან გაქცევის მიზნით ქმნის საკუთარ განყენებულ რეალობას, რომელიც ერთგვარ ნაპრალს ქმნის შემოქმედისა და რეალურ ცხოვრებას შორის. ეს მეტად საშიშია, ამიტომ, მხატვარი მუდამ უნდა უფრთხოდეს და გაქცევის ნაცლად სინამდვილეში დარჩენას ამჯობინებდეს, რადგან ვფიქრობ, ხელოვნება მხოლოდ ხელოვნებას კი არა, ხალხსაც უნდა ემსახურებოდეს…
მზევინარ ხუციშვილი