ავტოგაზის რომელ სადგურებს დააჯარიმებენ ფასის მომატების გამო?

ავტოგაზის რომელ სადგურებს დააჯარიმებენ ფასის მომატების გამო?- ამ სათაურით გაზეთი „კვირის ქრონიკა“ “მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების” ადვოკატ უჩა ქირიასთან ინტერვიუს აქვეყნებს.
“მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოება” კონკურენციის სააგენტოს მიმართავს, შეისწავლოს ავტოგაზის ბაზარზე არსებული სიტუაცია.
„2014 წლის აგვისტოში, ყველა იმ კომპანიამ, რომლებიც ეწევიან ავტოგაზით ვაჭრობას, ავტოგაზის ფასი, ერთდროულად და ერთი მარჟით, კუბური გაზი 5 თეთრით გაზარდეს. თვითონ ფასის ზრდა არ არის დარღვევა, მაგრამ ეჭვს იწვევს, რატომ მოხდა ყველა კომპანიის მიერ ფასის ზრდა ერთდროულად?
მასმედიის საშუალებით გავრცელდა განცხადებები კომპანიების წარმომადგენლების მხრიდან, რომ ფასი გაიზარდა, რადგან არსებული ფასი იყო არასამართლიანი და საფრთხეს უქმნიდა ბიზნესს. მსგავსი სახის განცხადება ნიშნავს იმას, რომ ეს იყო შეთანხმება – ანუ კონკურენტები შეხვდნენ ერთმანეთს, შეთანხმდნენ, რომ ფასს გაზრდიდნენ ერთნაირად და ერთად, რაც არის კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევა, რომელიც არ ითვალისწინებს რაიმე შეღავათს – ანუ არის რაღაც ქმედება, რომლის მიზანიც შეიძლება სამართალდარღვევად არ განიხილებოდეს, რადგან მიზანი გამონაკლისებში ჯდებოდეს, მაგრამ მსგავსი სახის შეთანხმებას გამონაკლისი არ გააჩნია ჩვენი კანონმდებლობით, არც საერთაშორისო კანონმდებლობით. როცა მომხმარებელთა უფლებებზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, კონკურენციის არსებობა, რადგან მომხმარებლების უფლებები ყოველთვის ირღვევა, თუ არ არის ჯანსაღი კონკურენცია.
ჩვენს განცხადებაში ორივე ფაქტზე მივუთითეთ. აგვისტოს შემთხვევაში მივუთითეთ სატელევიზიო განცხადებებზე, ხოლო დეკემბრის თვესთან დაკავშირებით, გამოვთქვით გონივრული ეჭვი, ხომ არ მოხდა იგივე შეთანხმება დეკემბერშიც. განცხადების წარდგენიდან 10 დღე აქვს ვადა სააგენტოს, რომ გადაწყვიტოს, იწყებს თუ არა მოკვლევას, ხოლო მოკვლევისთვის აქვს ვადა 10 თვე. 10 თვის ვადაში მან უნდა დადოს შედეგი ან სამართალდარღვევად უნდა ჩათვალოს, ან უნდა თქვას, რომ არ ჰქონია ადგილი სამართალდარღვევას. თუ დამტკიცდება, რომ კომპანიებმა კანონი დაარღვიეს, ასეთ შემთხვევაში ამოქმედდება სანქცია – ფინანსური ჯარიმა წლიური ბრუნვის 5%“,-აცხადებს ადვოკატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები