„სოჭის ოლიმპიადისას შექმნილი 11-კილომეტრიანი ზონა შეიძლება აღარ მოიშალოს“

  11-კილომეტრიანი უსაფრთხოების ზონა, რომელიც ვითომდა სოჭის ოლიმპიადის კონტექსტში შეიქმნა, შესაძლოა დარჩეს ისე, როგორც დღეს არის,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ქართველ ჟურნალისტებს აშშ-ში ვიზიტისას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. “პრეზიდენტმა ობამამ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მიერ გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯები რუსეთთან მიმართებაში, რადგან ეს სხვადასხვა ფორმატში და სხვადასხვა კონტექსტში საქართველოს თემაზე საუბარს აიოლებს. ჩვენ დღევანდელი ამბები, რასაკვირველია, მოვუყევით ამერიკულ მხარეს, კერძოდ, ეს არის მავთულხლართების დამონტაჟების განახლება ოლიმპიადის დასრულებიდან მეორე დღესვე და ისიც აღვნიშნეთ, რომ ჩვენ ამას გარკვეულწილად ველოდით, რადგან ის 11-კილომეტრიანი უსაფრთხოების ზონა, რომელიც ვითომდა სოჭის ოლიმპიადის კონტექსტში შეიქმნა, სავარაუდოდ, შეიძლება, აღარ მოიშალოს და დარჩეს ისე, როგორც არის დღეს, რადგან დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ უფრო გაგვიღრმავა ის ეჭვი, რომ რუსეთი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე ბევრ პროვოკაციას გვიმზადებს. ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სვერენიტეტს სრულად უჭერს მხარს”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები