თეთრი სახლი ობამა-ღარიბაშვილის შეხვედრაზე განცხადებს ავრცელებს

  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ვაშინგტონში გამართულ შეხვედრას თეთრი სახლი ეხმაურება. თეთრი სახლის განცხადების თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქვეყანაში პირველი მშვიდობიანი და ხელისუფლების დემოკრატიული გზით გადაბარების წარმატებით დასრულება მიულოცეს. აშშ-ის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდეს, რომ თანამშრომლობა გააგრძელოს საქართველოს ყველა ლიდერთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და საქართველოს მნიშვნელოვანი დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაციისთვის. აშშ-ის ხელისუფლებამ საქართველოს ღირსეული მეგობრობისა და საიმედო პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა, რაც შეერთებული შტატებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონული და გლობალური პრიორიტეტების მხარდაჭერაში გამოიხატება.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა მადლიერება გამოხატა ავღანეთში, ნატოს მისიაში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილისთვის და პატივი მიაგო ქართველი სამხედროებისა და მათი ოჯახების მიერ გაღებულ მსხვერპლს.
“აშშ-ის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა დაადასტურეს ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. მათ დაარწმუნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომ აშშ მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებას და დაპირდნენ, რომ აშშ-ი გააგრძელებს საქართველოს ახალი მთავრობის დახმარებას პოლიტიკური, ეკონომიკური და თავდაცვის სფეროში რეფორმების განხორციელებაში”, – აღნიშნულია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხდებაში.
თეთრი სახლის განცხადების თანახმად, პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განიხილეს აშშ- საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის განმტკიცების შესაძლებლობა, მათ შორის სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების ზრდა ორი ქვეყნის ეკონომიკებს შორის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები