საქართველოს პრეზიდენტი დღეს სოფელ კნოლევს ეწვია და ადგილობრივებს ახალი წელი მიულოცა. ქვეყნის პირველი პირი სოფლის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობასაც შეხვდა, სადაც მან ადგილობრივებისგან პრობლემების შესახებ მიიღო ინფორმაცია და მათ მოგვარებას დაპირდა. სახელმწიფოს მეთაურმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის ბოლო სოფელში რამდენიმე მოსახლე მოინახულა და მათ შორის ეთნიკურად შერეულ ქართულ-ოსურ ოჯახს ესტუმრა. გოჩა ჯავახიშვილსა და ზიტა ფხუევას გიორგი მარგველაშვილმა ახალი წელი მიულოცა, მშვიდობა და წარმატება უსურვა.
“დღეს ახალი წელი მივულოცეთ ჩვენს მართლაც გმირ ოჯახებს, რომლებიც აქ ძალიან რთულ პირობებში ამაგრებენ იმ მთავარ საზღვარს, რომელსაც მორალური საზღვარი ჰქვია. ამ საზღვარს ისინი სიყვარულით ამაგერებენ. ჩვენ ვნახეთ ერთიანი ოჯახები, რომლებიც, რეალურად, ის ძალაა, რომლითაც ჩვენ გავაერთიანებთ საქართველოს – ჩვენს სამშობლოს. მართლა ძალიან ამაღელვებელია ნახო ამ ადამინების მხნეობა. რა თქმა უნდა, არის ბევრი პრობლემა. ნაწილობრივ, ეს პრობლემები გვარდება, შარშან სოფელ ატოცში ვიყავით, სადაც გაკეთდა ამბულარტორია. მას მეტი რესურსი სჭირდება, მაგრამ ეს უკვე გაკეთდა. ასევე კეთდება გზა, გადის ბუნებრივი გაზი, დახმარება სჭირდება ოჯახებს იმიტომ, რომ ოჯახების გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ 2008 წლის ომის დროიდან არის დაზარალებული. მათ მეტად უნდა ამოვუდგეთ მხარში და, ბუნებრივია, ჩვენ მათ ეს აღვუთქვით. რეალურად, ეს ხალხი დგას იქ, სადაც ოდესღაც იდგნენ ჩვენი წინაპრები და ინარჩუნებდნენ ჩვენს სამშოლოს, რომელსაც მრავლი საუკუნის განმავლობაში ჰყავდა მომხდური, მაგრამ არასდროს დაგვიხევია უკან. ასე იქნება მომავალშიც”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
დღესვე უმაღლესი მთავარსარდალი შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ დანაყოფსაც შეხვდა, რომელიც სოფელ კნოლევშია განლგებული და ადგილობივების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. გიორგი მარგველაშვილმა სამხედროებს მშვიდობა უსურვა და ყურადღება მათ უმნიშვნელოვანეს წვლილზე გაამახვილა.
საქართველოს პრეზიდენტის სახელით სოფელ კნოლევში მცხოვრებ 35 ბავშვს სპეციალური სასაჩუქრე პაკეტი გადაეცა, ხოლო 15დან 18 წლამდე 7 მოზარდს გიორგი მარგველაშვილმა ნოუთბუქი უსახსოვრა.
საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფელს გიორგი მარგვერლაშვილთან ერთად, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, მრჩეველი სამხედრო საკითხებში აკია ბარბაქაძე და მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი ესტუმრა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=S22yVAvbJ6Y&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]