ჯეფ სეშენსმა ღარიბაშვილს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებაში მხარდაჭერა აღუთქვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელ სენატორ ჯეფ სეშენსს შეხვდა. მხარეებმა ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერასა და ნატო-ს 2014 წლის სამიტის პერსპექტივებზეც იმსჯელეს. სენატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ნატოში საქართველოს ინტეგრაციას. სენატორი ჯეფ სეშენსი საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის ინიციატორია და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს რეზოლუციის მიღებაში მხარდაჭერა აღუთქვა. სენატორმა საქართველოს ხელისუფლება ეკონომიკაში მიღწეული პროგრესისთვის შეაქო და აღნიშნა, რომ ეკონომიკური განვითარების მიმართულებით განხორციელებული რეფორმები მისასალმებელია. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აშშ საქართველოს არა მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორი, არამედ კარგი მეგობარია და საქართველოს ხელისუფლება ორმხრივი ურთიერთობების ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადასვლას ელოდება. სენატორ ჯეფ სეშენსთან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე, მთავრობის კანცელარიის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის მრჩეველი დავით მაღრაძე და მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძეც დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები