საზოგადოება “ივერიამ” პროკურატურას რუსული არხების აკრძალვის თხოვნით მიმართა

საზოგადოება “ივერიამ” რუსული არხების აკრძალვის თხოვნით პროკურატურას მიმართა. საზოგადოება “ივერია” რუსული არხების მაუწყებლობაში საინფორმაციო ომის საფრთხეებს ხედავს. “ივერიამ” პროკურატურაში განცხადება უკვე შეიტანა.
“რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიას, რომელიც შეუწყვეტლად ხორციელდება საქართველოს წინააღმდეგ 1990 წლიდან, თან სდევს საინფორმაციო ომი, რომლის მიზანი არის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ხელყოფა. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს საწინააღმდეგოდ დაწყებული საინფორმაციო ომი რეალური ომია, რომელიც ომისთვის დამახასიათებელი ყველა მეთოდის გამოყენებით მიმდინარეობს. ეს ომი, ამავე დროს, სადაზვერვო და ტერორისტულ ოპერაციებთან, ენერგეტიკულ, ეკონომიკურ და ფინანსურ ომებთან ერთად, “ჰიბრიდული ომის” შემადგენელი ნაწილია. საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ამ ომის იდეოლოგიურ საფუძველს “პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების შეზღუდული სუვერენიტეტის” რუსული დოქტრინა წარმოადგენს. მოსკოვი საინფორმაციო ომში აქტიურად იყენებს: Первый канал-ს, Russia Today-ს, НТВ-ს, Россия-24-ს, ВГТРК-ს, Голос России-ს, Звезда-ს, Планета-ს და ა.შ.
ხსენებული და სხვა ტელეარხების შემთხვევაში საქმე გვაქვს არა ტრადიციულ ჟურნალისტიკასთან, არამედ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებთან და სადაზვერვო ორგანოებთან მჭიდროდ ასოცირებულ სახელმწიფო ორგანიზაციებთან. დეზინფორმაცია, ინფორმაციული აგრესია, ინფორმაციული სპეცოპერაცია, ინფორმაციული ბლოკადა – ეს რუსული ტელეარხების არსენალის არასრული ჩამონათვალია. მათი მოქმედების შედეგია საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური კონტროლის დაწესება, საზოგადოებრივი აზრის მართვა, საინფორმაციო ნაკადების სასურველი მიმართულებით წარმართვა, საზოგადოების მუდმივი დეზინფორმირება, რუსული ინტერესების ლობირება, დემოკრატიული სახელმწიფოების, მათი გაერთიანებების და საქართველოს დემოკრატიული აღმშენებლობის პროცესის დისკრედიტაცია, ეროვნულ პოზიციებზე მდგომი პოლიტიკური ძალების შანტაჟი, ერთა შორის შუღლის გაღვივება, ძალადობისკენ წაქეზება, ინფორმაციული ტერორიზმი და საზოგადოების მუდმივ ისტერიაში ყოფნა”, – აღნიშნულია განცხადებაში. საზოგადოება “ივერია” მიიჩნევს, რომ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილის რუსული ოკუპაციის და მოსკოვის პერმანენტული სამხედრო-ტერორისტული აგრესიის საფრთხის პირობებში ჩვენი ხელისუფლება ვალდებულია, ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა აუცილებელი ზომა მიიღოს.
“ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო ინტერესის დაცვის, კერძოდ, დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, მათ შორის საინფორმაციო უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის XXXVII და XXXVII1 თავებით გათვალისწინებული რიგი დანაშაულების თავიდან ასაცილებლად მიზანშეწონილია, საქართველოს კონსტიტუციის დასახელებული სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული ინფორმაციის გავრცელების შემზღუდავი ღონისძიების გამოყენებით წინასწარი გამოძიების დაწყება საქართველოს სსკ-ის 319, მუხლი 3221 და მუხლი 3222 მუხლებით”, – აღნიშნულია საზოგადოება “ივერიას” მიერ პროკურატურაში შეტანილ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები