სახალხო დამცველი სამხედრო ჰოსპიტალში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი თბილისში, ისნის ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
სახალხო დამცველი განმეორებით მოუწოდებს თბილისის მერიასა და თბილისის ისნის რაიონის გამგეობას, კოორდინირებულად შეისწავლონ თბილისში, ისნის ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების უსახლკარობის ფაქტი და მიიღონ ყველა შესაძლო ზომა მათთვის სათანადო დახმარების, მათ შორის, ადეკვატური თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით.
„სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს თბილისში, ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობაში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს.
სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს თბილისში, ისნის ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებლის პრობლემას. სახალხო დამცველის რწმუნებულები 5 დეკემბრიდან აკვირდებოდნენ დევნილი და სოციალურად დაუცველი ოჯახებისაგან შენობის გამოთავისუფლების პროცესს. აღნიშნულთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა 2014 წლის 8 დეკემბერს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ბინის ქირის გადახდის შეთავაზების შემდეგ დევნილთა უმრავლესობამ ტეროტორია დატოვა. რაც შეეხება სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, თბილისის მერიასა და ისნის რაიონის გამგეობასთან წარმოებული მოლაპარაკებების მიუხედავად, შეთანხმება ვერ მოხერხდა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა თბილისის ისნის რაიონის გამგეობიდან წერილობით გამოითხოვა ინფორმაცია აღნიშნულ შენობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების მიზნით გატარებული ღონისძიებების, ასევე, მათი საჭიროებების შესახებ, რაზეც ამ ეტაპზე პასუხი არ მიგვიღია.
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულებაა უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფა, ისევე, როგორც უსახლკარო პირთა რეგისტრაცია. ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ, საქართველოს სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაცია სწორედ ამ კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებას შეეხება, რომელიც დღემდე შესრულებული არ არის. არაერთ მუნიციპალურ ერთეულში პრობლემად რჩება სხვადასხვა სახელმწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული შენობების, სოციალურად დაუცველი/უსახლკარო ადამიანების მიერ დაკავების ფაქტი, რომელთა უმრავლესობაში ცხოვრებისათვის გაუსაძლისი პირობებია. აღნიშნული კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ სახელმწიფოში არ არსებობს განსახლების პოლიტიკა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი ისნის სამხედრო ჰოსპიტალში 28 დეკემბერს, შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები