შსს-ს თანამშრომელმა საერთაშორისო კონკურსზე „პორშე 911“ მოიგო

 

  შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელმა სოფო სალუქვაძემ „მარტინის“ საერთაშორისო კონკურსზე „პორშე 911“ მოიგო – ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, გამარჯვება მას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ მიულოცა. საერთაშორისო ბრენდმა „მარტინიმ“ განახორციელა გლობალური კამპანია: „Race To Desire“, რომლის ფარგლებში გაათამაშა „პორშე 911“, მილანში ამავე კონკურსის სუპერფინალის საგზური და სხვა პრიზები. საქართველოდან გათამაშებაში ჩაერთო 4 000-მდე კონკურსანტი. პირველი ტურის პირობები გულისხმობდა დასმულ კითხვებზე ორიგინალურ პასუხს, ხოლო მეორე ტურის ფარგლებში, კონკურსანტებს „მარტინის“ ვებგვერდზე უნდა აეტვირთათ ფოტოსურათი კოქტეილ „მარტინ როიალთან“ ერთად. საბოლოოდ, „მარტინისა“ და „პორშეს“ გლობალურმა წარმომადგენლებმა ყველაზე ორიგინალურ მონაწილედ სოფო სალუქვაძე შეაფასეს, რომელიც მილანში კონკურსის სუპერფინალზე გაემგზავრა, სადაც თამაშდებოდა მთავარი პრიზი – „პორშე 911“. სუპერფინალში მონაწილეობდნენ 15 ქვეყნის გამარჯვებული ფინალისტები. სუპერფინალის მთავარი კონკურსის ფარგლებში კონკურსანტებს უნდა დაემტკიცებინათ, თუ რატომ იმსახურებდნენ „პორშე 911“-ის მოგებას. სოფომ ჟიურის აღფრთოვანება შეძლო – მან არაჩვეულებრივი სიმღერით დაამტკიცა, რომ სწორედ ის იმსახურებდა გამარჯვებას. გამარჯვებული ქართველი კონკურსანტისთვის სპეციალურად დამზადდა „პორშეს“ ახალი მოდელი, რომელიც მას ოფიციალურად და საზეიმოდ გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები