როგორია საქართველოში პირველი პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც ღვიძლი გადაუნერგეს?
14 დეკემბერს „სამედიცინო კორპორაცია ევექსში“ შემავალ ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში საქართველოში ღვიძლის ტრანსპლანტაციის პირველი წარმატებული ოპერაცია ჩატარდა.
27 წლის ძმამ საკუთარი ღვიძლის ნაწილი ციროზით დაავადებული 30 წლის დას გადაუნებრგა და ამით ის გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა. „სამედიცო კორპორაცია ევექსის“ გენერალური დირექტორი გიორგი მინდიაშვილი გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ღვიძლის გადანერგვის ოპერაციასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე და პაციენტის ამჟამინდელ მდგომარეობაზე საუბრობს. მინდიაშვილი განცხადებით, ამ წუთებში და-ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებულია. „ამ წუთისთვის ორივეს მდგომარეობა ძალიან კარგია, იმ მოცემულობაში, რა მოცემულობაშიც არიან. არის რამდენიმე კრიტიკული ეტაპი. პირველია უშუალოდ ოპერაცია, რომელიც საკმაოდ მაღალრისკიანია. მეორე ეტაპია პირველი 3 დღე, რომელიც, ასევე, მაღალრისკიანია და ამის შემდგომ მოდის დაახლოებით 10 დღე, რომელიც ნაკლებად რისკიანად შეიძლება ჩავთვალოთ. ამ დროისთვის დონორი უკვე გაწერილია სახლში“, – ამბობს მინდიაშვილი. ამასთან, როგორც მინდიაშვილი აღნიშნავს, საქართველოში ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციის ხარჯები უნდა შემცირდეს იმისთვის, რომ თანხის მცირე სხვაობის გამო პაციენტმა საზღვარგარეთ წასვლა არ ამჯობინოს. „თუ 40-50%-ით არ შევამცირეთ ხარჯები, აზრი არ ექნება ამ ოპერაციის კეთებას, რადგან მცირე სხვაობის შემთხვევაში პაციენტი ამერიკაში წასვლას ამჯობინებს. პაციენტების გადინება კი ქვეყნის ეკონომიკას აზარალებს და სახელმწიფოს ინტერესებშიც უნდა შედიოდეს, რომ მსგავსი ოპერაციები აქ ტარდებოდეს“, – განაცხადა გიორგი მინდიაშვილმა.