ერგნეთში ერთდღიანი ბაზრობა გაიხსნა
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების ფონდის ხელშეწყობით, ერგნეთში ერთდღიანი ბაზრობა გაიხსნა. ორგანიზატორების განცხადებით, ერთდღიანი ბაზრობა ჰუმანიტარულ აქციას წარმოადგენს და ადგილობრივების, ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციაში ხელშეწყობას ითვალისწინებს.
ერგნეთში დღესვე მთელი დღის განმავლობაში თბილისიდან ჩასული სხვადასხვა პროფილის ექიმები ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამედიცნო გამოკვლევებს ჩაუტარებენ. ბაზრობაში და სხვა ღონისძიებებში მხოლოდ ქართული მხარის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა მიიღებს მონაწილებას.
რაც შეეხება ოკუპირებული სამხერთ ოსეთის მოსახლეობას, იქიდან გამომდინარე, რომ ამ მონაკვეთზე გამარტივებული მიმოსვლა დაშვებული არ არის, ამ მოქალაქეებს ერგნეთში გადმოსვლის შესაძლებლობა არ მიეცემათ. დღის ბოლოსთვის სპეციალურად მოწყობილ სცენაზე მასშტაბური კონცერტია დაგეგმილი.