ლევან მიქელაძის სახელობის სასწავლო ცენტრმა წლიური საქმიანობის ანგარიში წარადგინა (ვიდეო)
საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის სასწავლო ცენტრმა წლიური საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ღონისძიებას საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი, სამინისტროს ხელმძღვანელობა და თანამშრომლები ესწრებოდნენ.
სასწავლო ცენტრის 2014 წლის საქმიანობაში ღირსშესანიშნავ მოვლენათა შორის აღინიშნა, ცენტრისთვის გამოჩენილი ქართველი დიპლომატის ლევან მიქელაძის სახელის მინიჭება. 2014 წლის განმალობაში ცენტრმა საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობის კუთხით ბევრ ახალ პროექტს ჩაუყარა საფუძველი, მათ შორის აშშ-ის კომერციის დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს დახმარებით შეიქმნა გზამკვლევი „საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკური დიპლომატია“ და პირველი ეკონომიკური დიპლომატიისა და მსოფლიო ვაჭრობის მოკლე სასწავლო კურსი, რომელიც ეხმარება ქართველ დიპლომატებს საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის საქმეში.
„2014 წელი ნაყოფიერი იყო. ცენტრმა ადგილი დაიმკვიდრა პროფესიული გადამზადების კუთხით, სახელი გაითქვა და მაღალპროფესიული კვალიფიკაციის მისაღებად ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად მიიჩნევა. სასწავლო ცენტრი შეუერთდა დიპლომატიური ინსტიტუტების იმ დიდ ოჯახს, რომელიც მოქმედებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში” – განაცხადა ანგარიშის პრეზენტაციისას სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ყიფშიძემ.
„სასწავლო ცენტრი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ახალი, თანამედროვე ცოდნისა და განათლების სტანდარტების დამკვიდრებაში, ასევე საჯარო მოხელეების გადამზადებაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებზე ცოდნის გაღრმავებაში. წელს გაიზარდა პარტნიორი სასწავლო ცენტრების რიცხვი, რომელთანაც ლევან მიქელაძის სახელობის სასწავლო ცენტრს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები აქვს გაფორმებული, რაც ჩვენი დიპლომატების მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გადამზადების საშუალებას იძლევა“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=ksqWbDXvte8″ width=”560″ height=”315″]