ანი მიროტაძე კონკრეტულ დანაშაულებებზე საუბრობს და ადეიშვილის დაკითხვას ითხოვს

  „ზურაბ ადეიშვილი, ის იყო იმ სქემის ავტორი, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებისთვის ქონების ჩამორთმევა და ყოფილ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების სახელზე გადაფორმება ხდებოდა“, – აღნიშნული განცხადება საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანი მიროტაძემ გააკეთა.
მისივე განმარტებით, ჩამორთმეულ ქონების დაბრუნების საკითხზე მუშაობის პროცესში კიდევ ერთხელ გამოვლინდება ის, თუ როგორი დანმაშავე რეჟიმი იდგა საქართველოს სათავეში. მიროტაძის განცხადებით, წლების განმავლობაში მოქალაქეები ღამის საათებში იძულებით მიჰყავდათ ნოტარიუსთან და მათ ქონებას ადეიშვილის, ახალაიების, კეზერაშვილის, თარგამაძის, მერაბიშვილის და კოდუების ახლობლებზე აფორმებინებდნენ.
„ძალიან კარგად მახსოვს ერთ ღამეში როგორ ხდებოდა ღამის ორ, სამ, ოთხ საათზე ადამიანების მხრიდან ძალადობრივად ქონების ჩუქება ისეთ ადამიანთა და მათთან დაახლოებული პიროვნებების მიმართ, როგორებიც იყვნენ ადეიშვილები, მერაბიშვილები, ახალაიები, კოდუები,თარგამაძეები, კეზერაშვილები… ამის ძალიან ბევრი ფაქტი არსებობს. კეზერაშვილი არის ადამიანი, რომელიც დღეს რამდენიმე ასეული მილიონის მფლობელია, თუმცა, მაშინ როდესაც ის ხელისუფლებაში მოვიდა არ ფლობდა არანაირ ქონებას. აბსოლუტურად შეუძლებელი იყო თუნდაც ყველაზე მაღალი ანაზღაურების შემთხვევაშიც დაეგროვებინა იმ რაოდენობის ქონება რომელიც მას ჰქონდა. ეს პროცესი იყო დასაწყები, ამ პროცესმა უნდა გამოაჩინოს როგორ დამნაშავე რეჟიმთან გვქონდა საქმე. ეს მტკიცდება არამარტო ციხეში ჩასმული ადამიანების, არამედ რიგითი ადამიანების მიმართაც. რომლებიც წლების განმავლობაში იბრძოდნენ იმისთვის, რომ ქონება დაებრუნებინათ. თუ დაიკითხება საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელიც ზუსტად იმ სქემის ავტორი და ხელმძღვანელი იყო როგორ უნდა წაერთმიათ მოსახლეობისთვის ქონება, როგორ უნდა გაეკოტრებინათ ისინი და მათი ქონება მათთან დაახლოებული პირების ხელში გადასულიყო. მისი დაკითხვით ყველაფერს მოეფინება ნათელი და ბევრად უფრო გამარტივდება ის პროცესი, რომელსაც ვიწყებთ. მე მივესალმები საქართველოს პრემიერ მინისტრის იმ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ საქართველოში სამართლიანობის აღდგენის პროცესი უნდა დაიწყოს“, – განაცხადა ანი მიროტაძემ.
შეგახსენებთ, რომ უკანონოდ ჩამორთმეულ ქონების დაბრუნების საკითხზე პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კონკრეტული გეგმა დაზარალებულებს თებერვლამდე წარედგინება.
“პროკურატურაში შეიქმნება სპეციალური დეპარტამენტი ან სამმართველო ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით. თებერვლამდე წარვუდგენთ დაზარალებულებს კონკრეტულ გეგმას, როგორ მოხდება ამის კომპენსირება”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, საქმე ეს ეხება უკანონო ჩამორთმეულ ქონებებს ბიზნესებს, სახლებს და ასევე ათასობით იმ რეპრესირებულ ადამიანებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ისინი უკანონოდ იხდიდნენ სასჯელს, რომ ისინი იყვნენ მსხვერპლი არაადამიანური მოპყრობის და წამების.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები