არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი? – პრეზიდენტის პასუხი
ამ ეტაპზე ჩემთვის პუტინი არის ადამიანი, რომელთანაც იმედი მაქვს, რომ რაღაც ეტაპზე რაციონალური ურთიერთობა დალაგდება – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “იმედის“გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა. გადაცემის წამყვანმა პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრისთვის დღევანდელ პრესკონფერენციაზე ერთ-ერთი ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვა გაუმეორა – „არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი“?
„პუტინი არის ქვეყნის ლიდერი, რომელთანაც მე, ჩვენ უნდა განვიხილოთ და შევეცადოთ დავალაგოთ ქართულ-რუსული ურთიერთობები – აი ეს არის ჩემთვის პუტინი. საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკა მტრული და აგრესიული რომაა, ეს ყველამ ვიცით. შესაბამისად, ჩემთვის ამ ეტაპზე პუტინი არის ადამიანი, რომელთანაც იმედი მაქვს, რომ რაღაც ეტაპზე რაციონალური ურთიერთობა დალაგდება. ამ რაციონალური ურთიერთობის დალაგებამდე მე არ მინდა ზედმეტის თქმით ურთიერთობა გავაფუჭო ან პირიქით დავატკბო“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2014 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე “პროვოკაციული” უწოდა კითხვას, არის თუ არა ვლადიმერ პუტინი საქართველოსა და უკრაინის საერთო მტერი. როგორც მან ტელეკომპანია “ტაბულას” პასუხად განაცხადა, საქართველოს მიმართ მტრულად და მოღალატეობრივად ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქმედებს, რომელიც შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში ჩართვისკენ მოუწოდებს.