რა სანქცია ემუქრება დეპუტატ აკაკი ბობოხიძეს?
საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის დღევანდელი ქმედება, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. როგორც „კვირას“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გაგა კახიანმა განუცხადა, რეგლამენტის მიხედვით შესაძლებელია აკაკი ბობოხიძეს ერთი დღის ხელფასი ჩამოეჭრას.
„ძალიან ცუდი რამ მოხდა დღეს პარლამენტში. ამ საკითხს უნდა შევხედოთ ასე – ერთი მხრივ, რას ითვალისწინებს პარლამენტის რეგლამენტი და, მეორე მხრივ, ეს ფაქტი შესაძლებელია სამართალდამცველებისთვის გახდეს ყურადღების ობიექტი. რეგლამენტის მიხედვით ასეთ შემთხვევაში, პარლამენტის წევრი, როდესაც პლენარული სხდომის დარბაზში რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს არღვევს და დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის შენიშვნას არ ემორჩილება, რეგლამენტი ითვალისწინებს, რომ დეპუტატს ჯარიმის სახით, ერთი დღის ხელფასი დაექვითება“, – ამბობს კახიანი.
ამასთანავე, გაგა კახიანი არ გამორიცხავს, რომ იმ ფაქტით, რაც დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მოხდა, სამართალდამცავებიც დაინტერესდნენ.
„პარლამენტში მომხდარი ინციდენტი მხოლოდ პროცედურებისა და პარლამენტის წევრის ეთიკის ნორმების დარღვევა კი არ იყო, არამედ ამ ფაქტით სამართალდამცავებიც უნდა დაინტერესდნენ. ამ შემთხვევაში ჩვენ არ მივმართავთ სამართალდამცველებს, ვფიქრობ, საზოგადოების ყველა წარმომადგენელმა ნახა დღევანდელი ფაქტი, თუ სამართალდამცველები ჩათვლიან საჭიროდ, თვითონ მოახდენენ რეაგირებას“, – განუცხადა „კვირას“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გაგა კახიანმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ჩხუბი უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა. მან არაკორექტული სიტყვები გამოიყენა, რამაც დეპუტატების აღშფოთება გამოიწვია. სოსო ჯაჭვლიანს, დავით ლორთქიფანიძესა და აკაკი ბობოხიძეს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში თითქმის ყველა დეპუტატი ჩაერთო. მანდატურები ვერ ახერხებდნენ მათ გაშველებას, პარლამენტის თავმჯდომარემ კი სხდომა რამდენიმე წუთით გადადო.