რა მდგომარეობაში არიან მალაიზიაში დატუსაღებული ქართველი ქალები? -“ბაბუცას ძალიან უჭირს იმ ყველაფრის გახსენება, რაც მოხდა და რაც გამოიარა“
მალაიზიის ციხეში მყოფი უზბეკეთის სამი მოქალაქე დღე-დღეზე სიკვდილით დასჯას ელოდება. ისინი ქვეყნის ტერიტორიაზე ნარკოტიკების შეტანის ბრალდებით დააკავეს და მათ სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. გამოძიების ინფორმაციით, უზბეკეთის მოქალაქეებმა მალაიზიაში ტაშკენტიდან 10 კილოგრამი მეტამფეტამინი შეიტანეს. უზბეკეთის მოქალაქეებს არ გაუმართლათ, განსხვავებით 2010 წელს იმავე ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქეებისგან, რომელთაც ქვეყანაში ასევე 10 კილოგრამამდე მეტამფეტამინის შეტანას ედავებოდნენ.
მალაიზიაში დაკავებული ქართველები – ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი, სახრჩობელას მას შემდეგ გადაურჩნენ, რაც ქართველ სამართალდამცველებს ნებით ჩაბარდა ბაბუცა გორდაძის მეუღლე ელდარ (გიორგი) დავითიანი და ნარკოტრაფიკის ბრალდება თავის თავზე აიღო. ამის შემდეგ ბაბუცა გორდაძესა და დარეჯან კოხტაშვილს სასიკვდილო განაჩენი პატიმრობით შეეცვალათ, ელდარ დავითიანს კი ქართულმა სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
“კვირის პალიტრისთვის” ცნობილი გახდა, რომ ცოტა ხნის წინ გახმაურებული ნარკოტრაფიკის საქმეზე მსჯავრდებული ელდარ დავითიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა. როგორც გავარკვიეთ, მას პარლამენტის მიერ მიღებული საყოველთაო ამნისტიის აქტით სასჯელის დიდი ნაწილი შეუმცირდა. ინფორმაციას ელდარ დავითიანის გათავისუფლების შესახებ გამოცემასთან ბაბუცა გორდაძის დედა, ნელი გორდაძეც ადასტურებს : – დიახ, გაათავისუფლეს. ჩვენ მასთან არა გვაქვს ურთიერთობა. ბავშვს ურეკავდა ხანდახან, რამდენი ხანია აღარ დაურეკავს.
მისივე ინფორმაციით, ბაბუცას სასჯელის ვადა ერთ წელში ეწურება, რის შემდეგაც სამშობლოში დაბრუნებას შეძლებს. ენობრივი ბარიერის გამო თავიდან ქართველი ქალები საკუთარი ინტერესების დაცვას ვერ ახერხებდნენ, თუმცა, ახლა სიტუაცია შეიცვალა და პირიქით, 4-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ქართულ ენაზე ლაპარაკი უჭირთ.
“დროდადრო ტელეფონით გასაუბრების უფლებას გვაძლევენ სულ რამდენიმე წუთით. გვეუბნება, კარგად ვარ, პრობლემა არა მაქვსო, თუმცა, ძალიან უჭირს იმ ყველაფრის გახსენება, რაც გამოიარა. დალაპარაკებაც კი უჭირს ქართულად. როგორც გვითხრა, ის და დარეჯანი სხვადასხვა ციხეში ჰყავთ”, – ამბობს ნელი გორდაძე.
“კვირის პალიტრისთვის” ცნობილი გახდა იმ ანგარიშის შინაარსი, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მალაიზიის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საქმის შესახებ დევს. დოკუმენტი საკონსულო დეპარტამენტს კონსულმა მას შემდეგ გაუგზავნა, რაც მალაიზიაში მსჯავრდებული ქალების მდგომარეობას გაეცნო.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ბაბუცა გორდაძე სასჯელს ქალაქ კოტა-კინაბალუს ქალთა ციხეში იხდის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელია. გორდაძე დასაქმებულია ციხის საწყობში და საელჩოს მასთან მუდმივი კონტაქტი აქვს. საქართველოს კონსულმა ის ბოლოს აპრილში მოინახულა, რის შემდეგაც ბაბუცა გორდაძეს შეხვედრა აღარ მოუთხოვია. დარეჯან კოხტაშვილი სასჯელს ქალაქ კაჯანგის ქალთა ციხეში იხდის. მას ჯანმრთელობის შესახებ ჩივილების გამო მალაიზიის ციხეების დეპარტამენტმა სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარა, თუმცა, სამედიცინო კომისიამ ჯანმრთელობის პრობლემები ვერ გამოავლინა.
ამჟამად დარეჯან კოხტაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელია.
საელჩოს წარმომადგენელმა მიმდინარე წელს ის ოთხჯერ მოინახულა, აქედან ორჯერ თავად კოხტაშვილის მოთხოვნით. უკანასკნელად საქართველოს კონსულმა ის ოქტომბერში მოინახულა, რის შემდეგაც კოხტაშვილს შეხვედრა აღარ უთხოვია. საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში მზად არიან, პატიმარ ქალებს დახმარება აღმოუჩინონ. გასულ წლამდე საქართველოს მალაიზიასთან დიპლომატიური ურთიერთობა არ ჰქონდა, ამიტომაც ძნელდებოდა იქ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საკონსულო დახმარების გაწევა. მალაიზიის ფედერაციაში საქართველოს საელჩო ოფიციალურად 2013 წელს გაიხსნა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ქვეყანაში მეტამფეტამინი ბაზარზე ერთი გრამი 300 დოლარი ღირს, უნდა ვივარაუდოთ, რომ მალაიზიაში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს 3 მილიონ დოლარამდე ნარკოტიკული საშუალების შეტანას ედავებოდნენ.
წყარო: “კვირის პალიტრა“