ზაქარეიშვილი: რაკი პუტინმა შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა, ამ თემაზე თათბირი უნდა გვქონდეს?!
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ამ ეტაპზე საქართველოს პირველი პირების რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის აუცილებლობას ვერ ხედავს.
ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ შეხვედრა არ უნდა გაიმართოს მხოლოდ იმის გამო, რომ პუტინმა ამის მზაობა გამოთქვა.
თქვენ რა გგონიათ, რომ ჩვენ მხოლოდ პუტინის ბრძანებით ვმუშაობთ და, რაკი მან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა, ამ თემაზე უკვე თათბირი უნდა გვქონდეს?! – განუცხადა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, თუ ქართული მხარე ჩათვლის, რომ საჭიროა ასეთი ტიპის შეხვედრები, ამ საკითხზე მსჯელობა შეიძლება.
“მე ამ წუთში ასეთი შეხვედრის აუცილებლობას ვერ ვხედავ. არ მიმსჯელია მთავრობის წევრებთან, მაგრამ თუ იქნება მსჯელობა, არ გამოვრიცხავ, რომ არგუმენტებიდან გამომდინარე, შეიძლება შესაბამისი გადაწყვეტილება იყოს მიღებული. თუმცა, ჩემი გამოცდილებით, ჩემი ხედვებით, ჩემი შეფასებებით, თუ რა ხდება საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში, ჯერჯერობით არ მომზადებულა ის თემები, რომ ამის გამო პირველი პირები შეხვდნენ ერთმანეთს”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.