თამაზ გაიაშვილი: საპროტესტო აქციები მაშინ ნახეთ

       ავიაკომპანიაჯორჯიან ეარვეისისდირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თამაზ გაიაშვილი  ალიასთანსკანდალურ განცხადებებს აკეთებს

ბატონო თამაზ, ავიაკომპანიააირზენაშიკრიზისული სიტუაციაა შექმნილი. გაფიცვა, საპროტესტო აქციები სწორედ ამის მაუწყებელია. გასულ კვირას საპროტესტო აქციები შეწყდა და მოსკოვის მიმართულებით ფრენებიც განახლდა, მაგრამ გუშინ საგაფიცვო კომიტეტმა კვლავ გააკეთა განცხადება აქციების განახლების შესახებ, თუმცა რეისები სრულდება. იქნებ აგვიხსნათ, რას ნიშნავს ეს?
– მოდით, თავიდან დავიწყოთ. “ნაციონალური” ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სხვებთან ერთად ჩვენც დიდი იმედი გვქონდა, რომ ქვეყანაში მდგომარეობა გამოსწორდებოდა და ოცი წლის წინათ შექმნილ ჩვენს ავიაკომპანიასაც, რომელიც ობიექტურ სიძნელეებთან ერთად, ხელისუფლების მიერ ხელოვნურად შექმნილ მრავალ სუბიექტურ სიძნელესაც უძლებდა, ბოლოს და ბოლოს, თავისუფალი საქმიანობისა და ნორმალური განვითარების შესაძლებლობა მიეცემოდა. 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, თუ გახსოვთ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც ჩვენი ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა იასე ზაუტაშვილმა დააყენა საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ ახალ ხელისუფლებას უარი ეთქვა ძველი ხელისუფლების მიერ დანერგილ მანკიერ პრაქტიკაზე, რაც ავიაკომპანიის მუდმივად შევიწროებაში მდგომარეობდა. კონკრეტულად ხელისუფლება და მთავრობა უნდა გამხდარიყო გარანტი სხვადასხვა სახელმწიფოებთან ავიაციის სფეროში გაფორმებული ხელშეკრულებების განუხრელი დაცვისა, ვინაიდან სხვაგვარად, ყველა შემთხვევაში, ზიანდებიან პატარა ქვეყნისა და შედარებით მცირე შესაძლებლობების ავიაკომპანიები.
თქვენ მიერ საკითხის ასე დაყენებას რა რეაგირება მოჰყვა ივანიშვილისგან?
– ბატონმა ბიძინამ ეს ყველაფერი ყურადღებით მოისმინა. მისთვის, რა თქმა უნდა, ძნელი არ იყო ბიზნესის პერიპეტიებში გარკვევა. მან იქვე დაავალა ეკონომიკის მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, რომ კომისია შეექმნა, ეს საქმე კარგად შეესწავლა და შესაბამისი ზომები მიეღო.
და რა ზომები გაატარა კვირიკაშვილმა?
– ერთხელ შეგვხვდა და კომისიაც შექმნა, მაგრამ ეს ყველაფერი ფორმალური იყო, სინამდვილეში ნაბიჯიც არ გადადგმულა საკითხის არც შესასწავლად და არც გამოსასწორებლად. ყველაფერი ძველებურად დარჩა და, როგორც მაშინ ვიდექით გაკოტრების საშიშროების წინაშე, ასევე ვდგავართ დღესაც.
ამის შემდეგ აღარ მიგიმართავთ ივანიშვილისთვის?
– პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ბატონ ბიძინას წასვლის შემდეგ, ჩვენ ახალ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მივმართეთ, რომელმაც, ყოფილი პრემიერის მსგავსად, ყურადღებით მოისმინა ჩვენი არგუმენტები და საკითხი შესწავლისა და გამოსწორების მიზნით კვლავ ეკონომიკის მინისტრ კვირიკაშვილს გადასცა.
კვირიკაშვილი ამჯერადაც ფორმალური კომისიის შექმნით შემოიფარგლა?
– არა, ამჯერად მას კომისიაც არ შეუქმნია და საერთოდ, თითი თითზე არ დაუკარებია, ავიაციაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად.
რით ხსნით თქვენ მის ამგვარ დამოკიდებულებას?
– პირველ რიგში, ეს, ალბათ, კომპეტენციის ნაკლებობით და საქმისადმი ზერელე მიდგომით უნდა აიხსნას. ბატონი კვირიკაშვილი ნაცვლად იმისა, რომ ავიაციაში არსებული მდგომარეობით დაინტერესებულიყო, ჩვენ მიერ ამ პრობლემების დაყენებამ გააღიზიანა. ის ხელს ჩემკენ იშვერდა და ამბობდა, – გაიაშვილი პრობლემებს აზვიადებსო. ბატონმა ღარიბაშვილმა კვირიკაშვილს უთხრა კიდეც, – გაიაშვილი რა შუაშია, ასაფრენი ზოლი რომ მძიმე მდგომარეობაშია, ამას ნებისმიერი მგზავრი გეტყვისო. აეროპორტისა და ასაფრენი ზოლის, სადგომებისა და სამიმოსვლო ბილიკების მდგომარეობის საკითხი შესასწავლად და დასკვნის გასაკეთებლად საერთაშორისო ორგანიზაცია “აიატას” გადასცეს და ამ სამუშაოს შესრულებაში ხუთასი ათასი დოლარიც გადაუხადეს. “აიატას” მიერ გაკეთებული დასკვნა აბსოლუტურად დაემთხვა იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით და ვწერდით ეკონომიკის მინისტრსა და პრემიერს. უთხრა კიდეც ღარიბაშვილმა კვირიკაშვილს, ამ დასკვნას გაიაშვილი უფასოდ გვაძლევდა და მაინცდამაინც ხუთასი ათასი დოლარი უნდა გადაგეხადათო?
ანუ რასთან გვაქვს საქმე, შეიცვალა ხელისუფლება, მაგრამ არ შეიცვალა ვითარება?
– სამწუხაროდ, ასე გამოდის. ეკონომიკის სამინისტროში მოკალათებული ბენდუქიძის ემისრები კარგად მუშაობენ მინისტრთან. წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების უყურადღებოდ მიტოვება და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ამ დარგისთვის ხელისშეწყობის ნაცვლად ხელისშეშლის ვითარების შექმნა დარგს მიწასთან გაასწორებს და გაანადგურებს. ეკონომიკის სამინისტრო ავიაციაში არსებული პრობლემების მოგვარების ნაცვლად თურქულ კომპანია “ტავ ჯორჯიასთან” ფარული გარიგებით არის დაკავებული და მას ასაფრენი ზოლის უმნიშვნელო შეკეთების სანაცვლოდ დიდი ოდენობის საგადასახადო ვალდებულების მოხსნას და ძველი ტერმინალის მათთვის გადაცემას ჰპირდება, სადაც თურქული მხარე სასტუმროს მოწყობას გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ თურქული კომპანია სამუდამოდ რჩება თბილისის აეროპორტში. ასეთი მიდგომები არა მარტო ქართულ ავიაციას ანადგურებს, არამედ ქართულ ეკონომიკასაც აზიანებს და საერთოდ, ძირს უთხრის ქართულ სახელმწიფოებრიობას.
თქვენ კვირიკაშვილს საყვედურობთ, მაგრამ ის თქვენ საავიაციო ბაზრის მონოპოლიზებასა და ფასების ხელოვნურ აწევაში გადანაშაულებთ
– ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უბადრუკი მცდელობაა. რა მონოპოლიაზე შეიძლება საუბარი იქ, სადაც საავიაციო ბაზრის 92 პროცენტი უცხოურ კომპანიებს უკავიათ, ქართული კომპანია კი მხოლოდ 8 პროცენტს განკარგავს. რაც შეეხება ავიარეისებზე ბილეთების ფასებს, ჩვენ კი არ ვცდილობთ ფასების აწევას, ჩვენი რუსი კონკურენტები ცდილობენ ფასების გაუმართლებელ დაწევას, ცხადია, არა მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ჩვენს გასაკოტრებლად, რომ მერე მაქსიმალურად აწიონ ფასები და ყველა დანახარჯი და დანაკარგი ათმაგად და ასმაგად აინაზღაურონ. ფასებით ასეთი მანიპულირება ყველა ქვეყანაში კრიმინალად ითვლება და ე. წ. ანტიდემპინგური კანონით ისჯება. ჩვენი მთავრობა კი ამისგან არ გვიცავს. მეტი საბუთი რა გინდათ, გახსენით რუსული საიტი და წაიკითხეთ მსხვილი შრიფტით დაწერილი მხოლოდ სათაური: “Правительство Грузии стало на сторону России”. ოდნავ მაინც თავმოყვარე ქართველი მინისტრი უცხოელების მიერ მისი “მოღვაწეობის” ამგვარი შეფასების შემდეგ აუცილებლად გადადგებოდა, მაგრამ კვირიკაშვილი ამას არ გააკეთებს.
თვითონ ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ სახელმწიფომ უნდა არეგულიროს ზედა და ქვედა ზღვრული ფასები. რუსეთსა და საქართველოს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში პირდაპირი წერია: “ტარიფები უნდა დადგინდეს გონივრულად, ყველა შესაბამისი ფაქტორის გათვალისწინებით. მხარეები მიუღებლად მიიჩნევენ ტარიფს, რომელიც გაუმართლებლად მაღალია ან შემზღუდველია დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გამო”. ჩვენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ამ და სხვა ვალდებულებების შესრულებას მოვითხოვთ, რაშიც ხელს სწორედ ეკონომიკის მინისტრი გვიშლის. სამინისტრო თავის მოვალეობას არ ასრულებს და ჩვენ გვედავება, არ არის ეს უცნაური? დადგინდეს ზღვრულ ფასები, ვინ უშლის მას ამაში ხელს? არავინ! ავიაბილეთების მაღალ ფასებზე გაუთავებლად ლაპარაკობენ, მაგრამ ის არავის დაუთვლია, რამდენი ადამიანისთვის გაგვიმართავს ხელი, როცა ავადმყოფობის ან სხვა რამე მიზეზით ისინი გადაადგილების აუცილებლობის წინაშე დგებოდნენ, ამის საშუალება კი არ ჰქონდათ. ამ სახის ქველმოქმედებაზე ბოლო 3 წლის განმავლობაში 1,5 მილიონი აშშ დოლარის ხარჯები გვაქვს გაწეული. ჩვენი ავიაკომპანიის გაკოტრების შემთხვევაში ვის უნდა მიმართონ ამ კატეგორიის ადამიანებმა – უცხოურ ავიაკომპანიებს? ამაზე თუ ფიქრობს ვინმე ეკონომიკის სამინისტროში?!
თქვენ ამბობთ, მთავრობა არ გვეხმარებაო, მაგრამ რუსეთის მიმართებით ავიარეისების აღდგენა მთავრობის დამსახურება არ არის?
– ნურავინ მიიწერს საკუთარ თავზე საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენას. ეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დამსახურებაა. სხვათა შორის, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ რუსეთის მიმართულებით ფრენები რომ გაგვეახლებინა, საქართველოს მთავრობამ სახელმწიფოს დავალიანებიდან 2 მილიონი აშშ დოლარი ჩვენს კომპანიას იძულებით გადაახდევინა, ცხადია, წინა ხელისუფლების დროს.
თქვენი გაფიცული თანამშრომლები ერთერთ მოთხოვნად ავიაციის სააგენტოს ეკონომიკის სამინისტროსგან გამოყოფას აყენებენ. რით არის ეს განპირობებული?
– მე არც კი ვიცი პრეცედენტი იმისა, რომელიმე ქვეყანაში მაინც ავიაცია (ან ტრანსპორტი, საერთოდ) ეკონომიკის სამინისტროში რომ შედიოდეს. “ნაციონალური ხელისუფლების” გადაწყვეტილებით მოხდა. ამ ნაბიჯით დარგი დაკნინდა და სამოქალაქო ავიაციაში საერთაშორისო ორგანიზაცია “იკაო”-ს მიერ ჩატარებული აუდიტით ჩვენი ავიაცია ახალ გვინეას, ჰაიტის, ნეპალისა და სხვა სახელმწიფოების გვერდით “შავ სიაში” აღმოჩნდა, რამაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო იმიჯი სერიოზულად დააზიანა. ამიტომ, ერთ-ერთ აუცილებელ ნაბიჯად მიგვაჩნია ეკონომიკის სამინისტროდან ამ დარგის გამოყვანა.
ბატონო თამაზ, ისე გამოდის, რომ თქვენი თანამშრომლების გაფიცვამ და საპროტესტო აქციამ ჯერჯერობით შედეგი ვერ გამოიღო
– ჯერ თუ ვერ გამოიღო, მომავალში გამოიღებს! ჩვენმა თანამშრომლებმა გაფიცვა და აქციები დროებით შეწყვიტეს იმ დაპირების ფონზე, რაც მთავრობამ მოგვცა. ამ დანაპირების შეუსრულებლობის შემთხვევაში მე მომიწევს ჩემი თანამშრომლებისთვის იმის გამოცხადება, რომ ავიაკომპანიის გაკოტრებასთან დაკავშირებით ისინი დათხოვნილნი არიან სამსახურიდან. გაფიცვები და საპროტესტო აქციები მაშინ ნახეთ!

წყარო: http://alia.ge/article.php?id=1307

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები