ლალი აფციაური: „ნაციონალები“ ჭკვიანი, ერუდიტი ნაძირალები არიან
როცა „ნაციონალები“ მიხვდნენ, რომ მათ არსებობას საფრთხე დაემუქრა და ეს არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე იგრძნეს, მათ ყველა მტკიცებულება გაანადგურეს, – აცხადებს უფლებადამცველი ლალი აფციაური და დასძენს, რომ ინტერპოლს მიხეილ სააკაშვილის ძებნა სამართლებრივად გაუჭირდება.
მისივე თქმით, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნა აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, ამისთვის კი სამართლებრივი კუთხით არც ისე მარტივი პროცესებია გასავლელი.
აფციაურის განცხადებითვე, იმისთვის, რომ ინტერპოლმა ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს, საქართველოს პროკურატურამ მყარი არგუმენტები და მტკიცებულებები უნდა გადასცეს მას, ეს კი მარტივი არ არის, რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველა მთავარი მტკიცებულება გაანადგურა.
„აქ საერთაშორისო ძებნაზეა საუბარი და პროცედურებიც რთულია. არგუმენტები მყარი უნდა იყოს, რომ ჩვენი ქვეყნის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. ეს კი მთავარი პროკურატურის სამუშაოა.
„ნაციონალები“ როცა მიხვდნენ, რომ მათ არსებობას საფრთხე დაემუქრა და ეს არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე იგრძნეს, მათ ყველა მტკიცებულება გაანადგურეს.
ისინი ჭკვიანი, ერუდიტი ნაძირალები არიან. პროკურატურას ამის გამო ძალიან მძიმე სახის სამუშაოს ჩატარება უწევს, რადგან ძირითადი მტკიცებულებები აღარ არსებობს. განადგურებული მტკიცებულებების აღდგენა და შეკრება კი ძალიან რთულია“, – აცხადებს ლალი აფციაური.
უფლებადამცველი იმედოვნებს, რომ პროკურატურა კარგად იმუშავებს და ამ მხრივ პროფესიონალიზმს აჩვენებს.