მომავალი წლიდან საქართველოში „ევრო-4“-ის სტანდარტის ბენზინი გაიყიდება

2015 წლიდან საქართველოში რეალიზებული ბენზინის სტანდარტი „ევრო-4“ იქნება და „ევრო-5“ -ის სტანდარტამდე ერთი ნაბიჯიღა რჩება, – ამის შესახებ გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი აცხადებს.
მთავრობის დადგენილებით, ბენზინში გოგირდის შემცველობა 50 ერთეულამდე უნდა შემცირდეს, ასეთი მოცულობა კი „ევრო-4“ -ის სტანდარტის ბენზინშია.
ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანას გარემოს დაბინძურების შემცირებასა და საწვავის ახალ სტანდარტებზე გადასვლას ევროკავშირი ავალდებულებს. მისივე თქმით, საქართველოში რეალიზებული ბენზინის საწვავში ტყვია საერთო არ არის.
„ბენზინში ტყვიის არარსებობას გარემოს დაცვის სამინისტროც ეთანხმება და ამასთან დაკავშირებით მრავალი კვლევა ტარდება. 2015 წლიდან საქართველოში რეალიზებული ბენზინის სტანდარტი „ევრო-4“ იქნება და „ევრო-5“ -ის სტანდარტამდე ერთი ნაბიჯიღა რჩება. უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს არის მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯი… ევროკაშირი არ ითხოვს, რომ ეს ხვალ და ზეგ მოხდეს, მაგრამ რაც უფრო მალე დაიწყება გაუმჯობესების პროცესი, უკეთესია. თუნდაც იმ კუთხით, რომ გარემო უფრო მეტად დაცული იქნება. მომხმარებელს აქვს არასწორი წარმოდგენა, რომ ჩვენთან, ძირითადად, აზერბაიჯანული ბენზინი შემოდის. სინამდვილეში ბენზინის იმპორტი ევროპიდან ხორციელდება. იმ პირობებში, თუ აზერბაიჯანში თანამედროვე ინფრასტრუქტურა აშენდება, იქიდანაც შემოვა ბენზინი, მაგრამ ეს ევროსტანდარტის იქნება“, – განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები