„რუსთაველი მანიაკი“ გამომძიებელს მოკვლას სთხოვდა – რას ჰყვებოდა მკვლელი ჩვენებისას?

საშუალო სიმაღლის, სუსტი, წვერიანი, გრძელი ლაბადით, არაფრით გამორჩეული, ნაცნობებთან ყურადღებიანი – ეს არის პორტრეტი სერიული მკვლელისა, რომელმაც ქალების, მათ შორის მცირეწლოვანი გოგონების გაუპატიურება-მკვლელობა აღიარა.
„რუსთაველი მანიკის“ სახელით ცნობილი მკვლელის შესახებ სტატიას გაზეთი „კვირის პალიტრა“ აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, წლების წინ, არცთუ შორეულ წარსულში, სერიულმა მკვლელმა ქალაქს სიმშვიდე დაურღვია, რუსთაველები ყველა გამვლელში მანიაკს ხედავდნენ. მის დაკავებამდე, სამი უდანაშაულო ადამიანი ჩასვეს ციხეში, ყველა მას ეძებდა, ვიდრე მარტვილის პოლიცია ნამდვილ “რუსთაველ მანიაკს”, ფრიდონ პირტახიას არ დააკავებდა. საკუთარ თავსაც სასტიკი განაჩენი გამოუტანა და იზოლატორში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მასთან ერთად იმ დღეს დაიხურა “რუსთაველი მანიაკის” საქმეც, თუმცა, ეს შოკისმომგვრელი საქმე ალბათ, არასოდეს მიეცემა დავიწყებას.
გამომძიებელი შალვა ნიქაბაძე საქმის დეტალებს იხსენებს. “2000-2001 წლებში რუსთავში რამდენიმე მკვლელობა მოხდა – მოკლეს სხვადასხვა ასაკის ქალი, რომელთა უმრავლესობა გაუპატიურებული იყო. მკვლელობის ხელწერა ერთნაირი იყო… მაშინ ტრანსპორტის პროკურატურაში ვმუშაობდი და მას შემდეგ, რაც რუსთავის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე რკინის ყუთში გოგონას ცხედარი იპოვეს, გენერალურმა პროკურორმა საქმე ჩვენ გადმოგვაბარა. ღამეები არ გვეძინა, დაიკითხა ასობით რუსთავის მკვიდრი, გაკეთდა ფოტორობოტი (დაიკითხა ერთ-ერთი ქალი, რომელიც სასწაულით დაუსხლტა ხელიდან მანიაკს და მისი აღწერილობა მოგვცა). 2001 წლის ბოლოს მარტვილის პოლიციიდან შემოვიდა შეტყობინება, რომ დაკავებული ჰყავდათ ვინმე ფრიდონ პირტახია, რომელიც გზად მიმავალ და-ძმას ასდევნებია, მაგრამ ბავშვები გაჰქცევიან…
ეჭვმიტანილმა რუსთავში წელიწად-ნახევარში ჩადენილი 6 მკვლელობა აღიარა. ყველაზე უმცროსი 13 წლის იყო. პირტახიამ აბსოლუტური სიზუსტით აღწერა ყველა მსხვერპლი – ვინ როგორი იყო, ვის რა ფერის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ეცვა. რუსთავში, რკინიგზის ლიანდაგების უკან, არის ტრასა, რომელიც ინტერნატის დასახლებისკენ მიდის. მანიაკი, ძირითადად, იმ ადგილებში ეძებდა მსხვერპლს. მხოლოდ ერთხელ გამოედევნა ხალხმრავალ ადგილას 14 წლის გოგონას… მისი ცხედარი პოლიციის მიერ დაცულ ტერიტორიაზე ვიპოვეთ. პირველი ეჭვიც, ცხადია, იმ პოლიციელზე მივიტანეთ, ვინც იმ ღამით მორიგეობდა და დროებით დავაკავეთ.
მანიაკი გვამებსაც ძარცვავდა, სამკაულების ნაწილს მეზობელ ქალს ჩუქნიდა, ნაწილს კი ლომბარდში აგირავებდა”, – ამბობს ნიქაბაძე.
გამომძიებელი მანიაკის მიერ ჩვენებაში აღნიშნული მკვლელობის მოტივების შესახებაც ჰყვება. როგორც აღმოჩნდა, მკვლელი მსხვერპლთან სქესობრივ კავშირს ამყარებდა, რის შემდეგაც მათ კოლჰოტით, ან თოკით ახრჩობდა.10834021_994998247194858_1463170961_n
“მანიაკი აღნაგობით სუსტი იყო და მსხვერპლს იმ ნიშნით არჩევდა, რომელიც ადვილად დასამორჩილებელი იყო. ჰქონდა ფიზიკური ნაკლიც – კოჭლობდა. როგორც გვითხრა, მას არ ჰქონდა საშუალება, სექსუალური მოთხოვნილება მეძავებთან დაეკმაყოფილებინა და ამიტომ მსხვერპლთან ძალის გამოყენებით ამყარებდა სქესობრივ კავშირს. კითხვაზე, რა სიამოვნებას იღებდა მკვლელობის დროს, გვიპასუხა, არავითარ სიამოვნებას არ ვიღებდი, უბრალოდ, ნებით არავინ მიწვებოდა, ვიცოდი, დანაშაულს ჩავდიოდი და დამიჭერდნენ, ამიტომაც მოწმეს ვიცილებდიო. მისი ყველა სქესობრივი აქტი მკვლელობით დასრულდა – 1-2 ქალი დანით მოკლა, დანარჩენები კი კოლჰოტით, ან თოკით მოახრჩო. პირტახიამ ერთი მეძავი მისსავე სახლში დანით მოკლა. იმ სახლში გამოძიებამ სამი ცალი ტარტალეტი იპოვა. დადგინდა, რომ ნამცხვარი მასპინძელს არ გამოუცხვია, არც ვინმეს მიუწვდია. პოლიციამ გაარკვია, რომ რუსთავის არც ერთ მაღაზიაში იმ დღეს ეს ნამცხვარი არ გაყიდულა. დაკითხვისას ვკითხეთ პირტახიას, ქალთან რამე ხომ არ აგიტანიაო. ტარტალეტი მეზობელმა გამოაცხო, მარტო ხომ არ შევჭამდი და იმ ქალს წავუღეო… ისეთი დეტალები გამომჟღავნდა, საგამოძიებო ჯგუფი შოკში ვიყავით”, – იხსენებს გამომძიებელი.
შალვა ნიქაბაძის თქმით, მანიაკს მეზობლები თბილ და სანიმუშო ადამიანად ახასიათებდნენ.
“პირტახია უმუშევარი იყო და დროს უმეტესად შინ ატარებდა. მეზობლები ისე ენდობოდნენ, შვილებს, გოგონებს უტოვებდნენ მისახედად. მეზობლების დახასიათებით, რუსთაველი მანიაკი სანიმუშო კაცი იყო, თურმე ყველას ძალიან უყვარდა, რუსთავში მასზე აუგის მთქმელი ვერავინ ვიპოვეთ. მანიაკები, როგორც წესი, იმ წრეს არ ერჩიან, სადაც ტრიალებენ”, – ჰყვება ნიქაბაძე.
რაც შეეხება განაჩენს, პირტახიამ ორთაჭალის იზოლატორში გადმოყვანიდან მეორე დილას, გამთენიისას, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, მანამდე კი გამომძიებელს სთხოვდა მისთვის იარაღიდან ესროლა. “დაკითხვისას მითხრა, ისეთი რაღაცები მაქვს გაკეთებული, სიცოცხლის ღირსი არა ვარო და როცა ქამარზე იარაღი დამინახა, რამდენჯერმე მთხოვა, კაცი არა ხარ, მესროლე და მომკალიო… პირტახიას რუსთავამდე კიდევ 6 მკვლელობა ჩაუდენია სოჭში, რაც მისი გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი. როდესაც მარტვილიდან ორთაჭალის იზოლატორში გადავიყვანეთ, პირტახიამ თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათი დაჰყო თანასაკნელებთან, რომელთაც უამბო, სად რამდენი ქალი მოკლა.
პირტახია გაგრელი იყო, ლტოლვილი. ომის დროს მისი ოჯახი სოჭში გადასულა საცხოვრებლად, რამდენიმე წლის შემდეგ კი რუსთავში უყიდიათ ბინა. მისი ცოლ-შვილი სოჭში დარჩა და იშვიათად ურთიერთობდნენ. 41 წლის ფრიდონ პირტახია ორჯერ გაასამართლეს რუსეთში. ერთი სასჯელი ქურდობისთვის მოიხადა, მეორე – ფოსტის თანამშრომელი ქალის მკვლელობისთვის…
პირტახიამ იმავე საკანში მოიკლა თავი, რომელშიც, თავის დროზე, სერიულ მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგი სხირტლაძე იჯდა (მას ციხეში პატიმრებმა ყური ჩამოათალეს). პირტახია გადმოვიყვანეთ თუ არა ორთაჭალის იზოლატორში, მეორე დილას, გამთენიისას, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე – საპირფარეშოში ნახა საპარსის პლასტმასის ტარი, გადატეხა და ვენა ამოიგდო. ცოცხალს კი მიუსწრეს, მაგრამ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა…”, – იხსენებს ნიქაბაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები