ჟვანიას საქმეზე დაკავებული მისი დაცვის ცვლის უფროსი პატიმრობიდან გათავისუფლდა
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ყოფილი პრემიერის დაცვის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამია პატიმრობიდან გათავისუფლდა. ძაძამიას ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის მყოფი 2000- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გუშინ გაათავისუფლდა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამია მიმდინარე წლის 21 მარტს დააკავა.
“საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოყვა, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამია დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად პრემიერ-მინისტრის და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შემუშავებული და დამტკიცებული იქნა შესასრულებლად სავალდებულო “საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას და მისი ოჯახის წევრების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფის გეგმა”, რომლის თანახმად, პრემიერ-მინისტრის დაცვას არ შეეძლო მიეტოვებინა დასაცავი ობიექტი. მიუხედავად აღნიშნულისა, 2005 წლის 3 თებერვალს, ღამის საათებში, ზ.ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსმა მ.ძაძამიამ არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა და მიატოვა დასაცავი ობიექტი დაცვის გარეშე, რა პერიოდშიც ყოფილი პრემიერ-მინისტრი აღმოჩენილი იქნა გარდაცვლილი. ამავდროულად, მიხეილ ძაძამიამ დადგენილი სავალდებულო მოთხოვნის მიუხედავად არ შეატყობინა დაცვის ღონისძიებების დაგეგმვის და ოპერატიული მართვის სამმართველოს შესაბამის განყოფილებას დასაცავი პირის გადაადგილების შესახებ. ზემოაღნიშნულით მ.ძაძამიამ ჩაიდინა სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება. მიხეილ ძაძამიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 342-ე მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით”, – ნათქვამია პროკურატურის 21 მარტის განცხადებაში.