“მაესტროს” სარეკლამო დროს “რუსთავი 2″ ყიდულობს”
გაზეთ „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ტელეკომპანია “მაესტროს” სარეკლამო დროს “რუსთავი 2″ყიდულობს.
„ცნობილია, რომ მამუკა ღლონტი წინააღმდეგი იყო, „მაესტროს“ სარეკლამო დრო „რუსთავი 2“-ს ეყიდა. არ გამორიცხავენ, რომ მისი წასვლის მიზეზი სწორედ ეს უთანხმოება იყოს… ერთადერთი, ვინც ამ გარიგებით შესაძლოა, იზარალოს, ეს ტელეკომპანია „იმედია“, რომელსაც „რუსთავის 2“-ისა და „მაესტროს“ სარეკლამო სივრცის გაერთიანებით კიდევ უფრო მძლავრი კონკურენციის პირობებში მოუწევს სარეკლამო ბაზრის ათვისება.“, – წერს „პრაიმტაიმი“.
აღნიშნულ საკითხს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას „რუსთავი-2“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოეხმაურა.
თუმცა გვარამიამ აღნიშნულ საკითხს კომერციული უწოდა. „ეს კომერციული საკითხია, რომელსაც, მართალიც რომ იყოს, ვერ დაგიდასტურებთ. ასე რომ, ამაზე საუბარს აზრი არა აქვს“, – განაცხადა გვარამია.
ასევე ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი სინამდვილეს არ შეესაბამება. „ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, სინამდვილეს არ შეესაბამება, მაგრამ მაინც გადაამოწმეთ არხის ხელმძღვანელობასთან. ასეთი საკითხი, რომ „რუსთავი 2“-მა „მაესტროს“ სარეკლამო დრო იყიდოს, ძალიან რთული განსახილველი იქნება ჩემთან“, – ამბობს მამუკა ღლონტი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.