სოციალურად დაუცველები ელექტროტექნიკის ფლობის გამო ფულად დახმარებას არ დაკარგავენ
სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სახელმწიფოსგან კუთვნილ დახმარებას ახალი პირობებით მიიღებენ. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, სახელმწიფომ ახალი სიახლეები შეიმუშავა, რომლის მიხედვით, მოქალაქეები ტელევიზორის, მაცივრისა და ელექტროტექნიკის ფლობის გამო ფულად დახმარებას არ დაკარგავენ.
მისივე თქმით, ფულადი შემწეობის მისაღებად ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულის მაქსიმალური რაოდენობა თუ 57 000-ზე მეტი არ უნდა ყოფილიყო, ახალი სისტემით ქულების რაოდენობა 100 000-მდე იზრდება.
“განსაკუთრებული ყურდღება მიექცევა სოციალურად დაუცველ ფენას. ისინი, რომლებიც მეტ დახმარებას საჭიროებენ, მეტ დახმარებას მიიღებენ. ადამიანს შეიძლება მაცივარი გააჩნდეს, მაგრამ მაცივარში არაფერი ჰქონდეს”, – აცხადებს ხუნდაძე.
ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ახალი სისტემა 2015 წლიდან ამოქმედდება და ის პროგრამის ახალ ბენეფიციარებს შეეხება, თუმცა ეტაპობრივად ძველი ბენეფიციარებიც გადამოწმდებიან.