ზაქარია ქუცნაშვილი: უნდა ჩამოყალიბდეს ახალი სამინისტრო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება შსს-სა და უშიშროების სამსახურის გამიჯვნის შესახებ  სრულდება. ქუცნაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი საპროგრამო დაპირების ერთგულია.
„მე მივესალმები, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი საპროგრამო დაპირების ერთგულია. უნდა ჩამოყალიბდეს ახალი სამინისტრო, რომელიც წარმოიშვება შსს-ს წიაღიდან, ფუნქციურად სხვა დატვირთვა ექნება და ის იზრუნებს ქვეყნის უსაფრთხოებაზე და არა საზოგადოებრივ წესრიგზე ან დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებისა და რეორგანიზაციის მიზნით, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს, დავით სუჯაშვილს სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა.
პრემიერის ინიციატივით, სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში მთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, უცხოელი და ქართველი ექსპერტები შევლენ, შინაგან საქმეთა სამინისტროდან უშიშროების სამსახურის გამოყოფის საკითხზე იმუშავებს. მომზადდება ანალიზი და მაქსიმალურად მოხდება ყველა რისკის გათვლა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულ წინადადებებს განიხილავს მთავრობა და ამის შემდეგ კანონპროექტი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები