ვიქტორ დოლიძე: ფუნქციონალური გაყოფა იქნება აუცილებელი

პრემიერ-მინისტრის ინიციატივას შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ დოლიძე იზიარებს. დოლიძე მიიჩნევს, რომ აუცილებელი იქნება ფუნქციონალური გაყოფა.
„ჩვენ ეს შევპირდით ხალხს და უნდა გაგვეკეთებინა. ვფიქრობ, უფრო დროულად, მაგრამ მაინც კარგია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია, იმიტომ რომ სამოქალაქო კონტროლის დაწესებულება შინაგან საქმეთა სამინისტროზე, და არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროზე არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის თავდაცვის სამინისტროზეც და, ბუნებრივია, ფუნქციონალური გაყოფა იქნება აუცილებელი“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებისა და რეორგანიზაციის მიზნით, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს, დავით სუჯაშვილს სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა.
პრემიერის ინიციატივით, სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში მთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, უცხოელი და ქართველი ექსპერტები შევლენ, შინაგან საქმეთა სამინისტროდან უშიშროების სამსახურის გამოყოფის საკითხზე იმუშავებს. მომზადდება ანალიზი და მაქსიმალურად მოხდება ყველა რისკის გათვლა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულ წინადადებებს განიხილავს მთავრობა და ამის შემდეგ კანონპროექტი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები