“ჩვენი ტერიტორიების ხარჯზე არცერთ მოლაპარაკებაზე არ წავალთ“
ჩვენ ვართ და ვიქნებით პრინციპულები და ჩვენი ტერიტორიების ხარჯზე არცერთ მოლაპარაკებაზე არ წავალთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ – მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟენევის მოლაპარაკებების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“ჩვენ ვაგრძელებთ ჟენევის მოლაპარაკებების რაუნდს. ბუნებრივია, ჩვენ ყველგან დავგმეთ ძალიან პრინციპულად და მკაცრად რუსეთის ქმედება. ჩვენ მოვისმინეთ საერთაშორისო საზოგადოების, ჩვენი პარტნიორების ასევე ძალიან პრინციპული პოზიცია. მათ დაგმეს რუსეთის მხრიდან გადადგმული ეს მორიგი ნაბიჯი ანექსიისკენ. რეალურად, ეს ხელს შეუშლის ჩვენს შორის დაწყებულ დიალოგს, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ამ დიალოგს, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ დიალოგის არსებობა არის სწორი გზა. ვაგრძელებთ აბაშიძე-კარასინის ფორმატს, ვაგრძელებთ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს და დაველოდოთ შედეგებს. ერთი მხრივ, ვართ და ვიქნებით პრინციპულები და ჩვენი ტერიტორიების ხარჯზე არცერთ მოლაპარაკებაზე არ წავალთ“, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, რაც შეეხება ჩვეულებრივ კონსტრუქციულ დიალოგს, ვაჭრობას და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას – ეს სხვა საკითხია.
“ჩვენ თავიდანვე გავმიჯნეთ პოლიტიკური ურთიერთობები ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობებისგან და ამ მხრივ კარგად მივდივართ”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.