“მაჟორიტარული ოლქები კრიტიკის საგანია, მათ შორის ევროსაბჭოს მონიტორების მხრიდან“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციის წევრები მიიღო.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მონიტორინგი გრძელვადიანი პროცესია და მისიის ყოველი ჩამოსვლის დროს ის შედეგები იზომება, რაც დელეგაციის ვიზიტებს შორის პერიოდში იქნა მიღწეული.
„შეხვედრაზე ჩვენ, ძირითადად, დემოკრატიზაციის და პოლიტიკური ცხოვრების საკითხებს შევეხეთ. მონიტორები კონსტიტუციური პროცესით დაინტერესდნენ, ვინაიდან ის, რაც ჩვენ გვაღელვებდა ერთი წლის წინ – კონსტიტუციური ცვლილებების შეტანის და დეპუტატების სამი მეოთხედის მოგროვების სირთულესთან დაკავშირებით, ახლა ნელ-ნელა სხვებსაც აღელვებთ. კითხვა იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებების ისე მომზადება, რომ 115 პარლამენტარის ხმა მიიღოს, ყველას აინტერესებს“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
მისივე განცხადებით, ეს თემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჭრილში, რადგან მანამდე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხიც გადასაწყვეტია.
„არსებული მაჟორიტარული ოლქები, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ამომრჩეველთა რაოდენობით და რომლის პრეცედენტიც ძნელად მოიძებნება მსოფლიოში, კრიტიკის საგანს წარმოადგენს, მათ შორის ევროსაბჭოს მონიტორების მხრიდანაც. გვეკითხებიან, რას ვაპირებთ – სისტემის შეცვლას თუ ოლქების გათანაბრებას? ამ კითხვაზე პასუხი რაც შეიძლება მალე უნდა გაიცეს და ეს, პირველ რიგში, ქართველ ამომრჩეველს და პოლიტიკურ სპექტრს შეეხება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მონიტორინგის წევრებს პროცესის მიმდინარეობასთან და არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიეწოდათ. აღინიშნა, რომ საკითხი მეტად მნიშვნელოვანია და ის  მომავალი წლის გაზაფხულამდე უნდა გადაწყდეს. შეხვედრაზე ევროპელი სტუმრები მმართველ კოალიციაში ბოლო დროს განხორციელებული პოლიტიკური მოვლენებით დაინტერესდნენ. მათი ინტერესის ობიექტს პარლამენტში „თავისუფალ დემოკრატებთან“ ურთიერთობა და დამოკიდებულება წარმოადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები