გიორგი ქადაგიძე ლარის გაუფასურების მიზეზებს განმარტავს
ქვეყნის ფინანსურ და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ქადაგიძის თქმით, ეროვნული ვალუტის გაუფასურება გამოწვეულია როგორც შიდა, ისე გარე ფაქტორებით. მისივე განცხადებით, სახეზეა შიდა სავალუტო შემოდინებების ძირითადი წყაროების შესუსტება ან კლება, თუმცა ეს დისბალანსი აღმოფხვრილია, რაც უკვე აისახა ლარის გაცვლით კურსში.
„ქვეყნის ფინანსურ და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ამის გარანტი არის ეროვნული ბანკი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და დაგვიდასტურებია გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი შოკების დროს. ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანაა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. როგორც წესი, ცენტრალური ბანკები არ აკეთებენ კომენტარს მოკლევადიანი ვალუტის ინფლაციის დროს, მაგრამ ვინაიდან სახეზეა მნიშვნელოვნად გაუარესებული ეკონომიკური მოლოდინები და არასტანდარტული ეროვნული ვალუტის პუნქტუაცია, მინდა განვმარტო. ეროვნული ვალუტის გაუფასურებას აქვს როგორც შიდა, ისე გარე ფაქტორებით გამოწვეული მიზეზები. ბოლო 7 წლის განმავლობაში ისტორიულად გამყარებულ დოლართან ერთად სახეზე გვაქვს შიდა სავალუტო შემოდინებების ძირითადი წყაროების შესუსტება, ან კლება. ამავე დროს, ჩვენი გათველებით ეს დისბალანსი აღმოფხვრილია და უკვე ასახული არის ლარის გაცვლით კურსში“, – განაცხადა ქადაგიძემ.
მისივე თქმით, ბოლო დღეებში ლარის კურსის გაუფასურებით შექმნილი ვითარება გამოწვეულია ბაზრის მონაწილეების აჟიოტაჟური ქცევით, რაც, ზოგადად, დამახასიათებელია ამ დროს ფინანსური ბაზრებისთვის.