ნადირაშვილის ბრალდებას 143 -ათასიან პრემიასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებით ეხმაურებიან
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ირმა ნადირაშვილის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც განათლების სამინისტროში ხარისხის განვითარების ცენტრის კონსულტანტმა ალექსანდრე შელიამ თვენახევრის განმავლობაში ხელფასის სახით 143 ათასი ლარი მიიღო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შელიას შრომითი ანაზღაურება არ ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არამედ ფინანსდება გაეროს განვითარების პროგრამის მიზნობრივი გრანტიდან, რომელსაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს.
„სანდრო შელია გახლავთ „განათლების ხარისხის ელექტრონული მართვის პროექტის“ საერთაშორისო კონსულტანტი და მისი შრომის ანაზღაურება არ ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არამედ ფინანსდება გაეროს განვითარების პროგრამის მიზნობრივი გრანტიდან, რომელსაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს. „განათლების ხარისხის ელექტრონული მართვის პროექტი“ განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ავტომატიზაციას ემსახურება, რომელშიც სანდრო შელია, რომელიც ამერიკის მოქალაქეა, მუშაობს მოწვეული საერთაშორისო კონსულტანტის რანგში.
გაეროს განვითარების პროგრამასთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში განსაზღვრულია ანგარიშვალდებულების წესები, რომლის დაცვაც ცენტრს ევალება. საერთაშორისო კონსულტანტის შრომის ანაზღაურება და მისი პირობებიც დეტალურადაა გაწერილი ხელშეკრულებაში. ამდენად, ცენტრმა მიზნობრივი გრანტის განხორცილების ფარგლებში წარმოქმნილი ვალდებულება შეასრულა.“ – ნათქვამია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
ოპოზიციური პარტიის წევრმა ირმა ნადირაშვილმა დღეს “ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ განათლების სამინისტროში ხარისხის განვითარების ცენტრის კონსულტანტმა ალექსანდრე შელიამ თვენახევრის განმავლობაში ხელფასის სახით 143 ათასი ლარი მიიღო.
“განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ერთ-ერთი პროექტის ხელმძღვანელად და კონსულტანტად აიყვანეს ალექსანდრე შელია, რომელსაც თვენახევარში გამოუწერეს 143 ათასი ლარი. ეს არის პროექტი, რომელიც 2014 წლის 10 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს“,- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.