ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფლებში სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა აღარ იარსებებს
ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფლებში სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა აღარ იარსებებს. როგორც “კვირას” აცნობეს, ამ ეტაპზე უკვე დაწყებულია კოშკა – გუგუტიაანთ კარი – მერეთი – ქერეს 7 კმ-იანი სარწყავი არხის რეაბილიტაცია. მიმდინარეობს არხის ამოსუფთავება და ქვა-ღორღით მოსწორება, რის შემდეგაც მოხდება ბეტონის ჩასხმა. მდინარე ნეკრეულაზე მოეწყობა სარწყავი წყლის სათავე ნაგებობა, დამონტაჟდება ჩამკეტი ფარები. პროექტის ფარგლებში, სარწყავი არხის გასწვრივ, მოსახლეობის ნაკვეთებთან გაკეთდება გამშვები ჭები. სამუშაოებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსებით შპს. „მშენებელი 80“ ახორციელებს, პროექტის ღირებულება 300 000 ლარი. არხი 70-იან წლებშია გათხრილი და იმის გამო, რომ ამ დრომდე არ გაწმენდილა, ადგილობრივების ნაკვეთებამდე არასაკმარისი წყალი მიდიოდა და ისიც დაგვიანებით. კოშკა – ქერეს სარწყავი არხის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მოირწყვება ოთხი სოფლის დაახლოებით 150 ჰა მიწის ფართობი.
2008 წლის აგვისტოს ომამდე ამ სოფლების ნაწილი იმ სარწყავი არხით სარგებლობდა, რომლის სათავე ნაგეგობაც ოკუპირებულ სოფელ დმენისშია დარჩენილი და მას შემდეგ არხი დაკეტილია. დაგეგმილია ამ არხის რეაბილიტაციაც. სათავე ნაგებობა მდინარე ლიახვზე მოეწყობა სოფელ მერეთში, დამონტაჟდება წყლის გადამქაჩი ტუმბოები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ძველს და გაიჭრება ახალი დამატებითი არხი. სარწყავი წყლის სიტემის მოწესრიგებას ამ სოფლებში ცენტრალური ხელისუფლება ახორციელებს.
დღეს გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ მერეთში მიმდინარე სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა დაათვალიერა და ადგილობრივებს შეხვდა. მერეთის ტერიტორიული ერთეულში შემავალ სოფლებში მიმდინარეობს გაზიფიცირება, ასევე სასმელი წყლის ჭაბურღილებისა და რეზერვუარების მოწყობა. და დამონტაჟდა 3 ახალი ჭაბურღილი, რომლებიც ექსპლუატაციაში უახლოეს მომავალში შევა.