თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე ბეტონის საფარის დაგება დაიწყო
თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე ცემენტ-ბეტონის საფარის დაგება დაიწყო. პროცესი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა მოინახულა. მინისტრი ობიექტზე დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრა და მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
სამინისტროს ცნობით, პროექტის დასრულების შემდეგ, თბილისიდან რუსთავამდე გზის დაფარვა 15 წუთში იქნება შესაძლებელი, გადაადგილება კი მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული გახდება. პროექტის ფარგლებში ავტომაგისტრალზე აშენდება გზაგამტარები, სატრანსპორტო კვანძები, მიწისქვეშა, სატრანსპორტო და საფეხმავლო ხიდები, მოეწყობა ტროტუარები. ზემოთ ჩამოთვლილი ინფრასტრუქტურის განვითარების შემდეგ კი, თბილისი-რუსთავის გზა სრულად განტვირთავს ამ მიმართულებით ორმხრივ მოძრაობას.
თბილისი-რუსთავის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სიგრძე 17 კმ-ზე მეტია და სირთულის გათვალისწინებით, სამ განსხვავებულ მონაკვეთად იყოფა. პირველი 4 კმ-იანი მონაკვეთი – საქალაქთაშორისო ავტოსადგურიდან რესტორან „მარაბდამდე“ გრძელდება. მეორე მონაკვეთი – ფონიჭალის მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა – სიგრძით 6,8 კმ. აღნიშნულ მონაკვეთზე მდინარე მტკვრის გასწვრივ ახალი, დაახლოებით 2 კილომეტრის სიგრძის ურბანული ტიპის შემოვლითი გზის მშენებლობა იგეგმება. მესამე 6,6 კმ-იანი მონაკვეთი ფონიჭალის დასახლების გასასვლელთან დაიწყება და რუსთავის ავტობაზრობასთან დასრულდება.
პირველ ეტაპზე, პირველი და მესამე მონაკვეთების მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის ღირებულებაც 88 761 128,95 ლარს შეადგენს. თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ ფინანსდება და საერთაშორისო მნიშვნელობის „თბილისი-წითელი ხიდი“ (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციას ითვალისწინებს.
სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოებზე 250-მდე ადამიანია დასაქმებული, მათ შორის უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა. მესამე ლოტის დაწყებისთანავე, პროექტში დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.