ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლები სოზარ სუბარს შეხვდნენ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს სოზარ სუბარს შეხვდნენ.
შეხვედრა დევნილთა სამინისტროში გაიმართა და მას საქართველოში ვიზიტით მყოფი სოციალისტების ჯგუფის წარმომადგენელი ბორის სილევიჩი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სამდივნოს უფროსის მოადგილე ბას კლეინი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მისი პირველი მოადგილე გიგა გიორგაძე დაესწრნენ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, ევროსაბჭოს მხრიდან ძალიან დიდია ინტერესი, როგორ ასრულებს საქართველო მაჰმადიანი მესხების დაბრუნებასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
“კარგად ესმით, რომ დევნილთა სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე რთული სამინისტროა, იმ პრობლემებით, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას. ეს არის დევნილების ძალიან დიდი რაოდენობა, რომლებიც დღემდე დაუკმაყოფილებელია საცხოვრებლითა და სამუშაოთი, მიუხედავად იმისა, რომ 21 წელი გავიდა პირველი ომიდან. ამას ემატება ქვეყნის გარშემო გართულებული მდგომარეობა, ერაყი, უკრაინა, სირია, რის გამოც ქვეყანაში ლტოლვილების რაოდენობა გაიზარდა. ამასთან ერთად, ძალიან დიდია ინტერესი ევროპის საბჭოს მხრიდან, როგორ ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებას მაჰმადიანი მესხების დაბრუნებასთან დაკავშირებით. ამაზე მივაწოდეთ სრული ინფორმაცია, რაც ხდება დღეს, როგორ სრულდება მიღებული კანონი”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.