„კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუცია აბსოლუტურად ადეკვატურია“
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ მიღებულ რეზოლუციას აფასებს.
დეპუტატის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესიის პარალელურად საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია და მათ მიერ მიღებული ზომები ადეკვატურია.
„როცა რუსეთმა ნიღაბი ჩამოიხსნა და უკრაინაში ღია აგრესიაზე გადავიდა, ევროკავშირისგან, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან, კონგრესისგან საპასუხო რეაქცია აბსოლუტურად ადეკვატურია. მე ვგულისხმობ სანქციებს და დამატებით ზომებს. უმნიშვნელოვანესია, რომ ამ პროცესში ვიყოთ ჩართულნი, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესს ერიდება, რომ არ შეაფერხოს აბაშიძე-კარასინის ფორმატი“,- განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს კონგრესმა ხმათა უმრავლესობით რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციაში აშშ გმობს რუსეთის ქმედებებს და აგრესიულ პოლიტიკას მეზობელი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მიმართ. აშშ-ს კონგრესი მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიებიდან.