გახდება თუ არა გიორგი ვაშაძე უკრაინაში მინისტრის მოადგილე – დეპუტატის განმარტება
მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ გიორგი ვაშაძე ინიშნება, საქართველოს დეპუტატმა „კვირასთან“ საუბრისას კატეგორიულად უარყო.
როგორც „კვირას“ გიორგი ვაშაძემ განუცხადა, იგი დღემდე საქართველოს პარლამენტის დეპუტატია და სხვა თანამდებობას არც ვარაუდობს.
„მართალია უკრაინაში ვიმყოფები, მაგრამ მე საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ვარ. საიდან მოიტანეს ეგ ინფორმაცია, რომ მე თითქოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ვინიშნები, სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეეხება პარლამენტში ჩემს გაცდენებს, პერიოდულად ვესწრები, თუმცა მიმაჩნია, რომ ესეც პოლიტიკის ნაწილია და არანაკლებ მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებ საქართველო-უკრაინის ურთიერთობისთვის“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
მისივე თქმით, ახლო მომავალში საქართველოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ეკა ზღულაძე უკრაინის შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს. რაც შეეხება, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებს, ზურა ადეიშვილისა და გიგი კალანდაძის შესახებ, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ შეირაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე ამჟამად უკრაინაში იმყოფება. „დრო ყველაფერს გვიჩვენებს, უკრაინის იუსტიციის მინისტრად უკვე დაინიშნა პაველ პეტრენკო, იგი მანამდეც ამ თანამდებობას იკავებდა. რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილის ან გიგი კალანდაძის უკრაინაში რაიმე თანამდებობაზე დანიშვნას, ჩემთვის უცნობია, ქართულ მედიაში რა ინფორმაციები იბეჭდება და არ ვადასტურებ“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ. შეგახენებთ, ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ გიორგი ვაშაძე ინიშნება.