შსს-ს პრესსამსახური მართვის მოწმობების ახალ ბილეთებთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელძღვანელის ნინო გიორგობიანის თქმით, ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ მართვის მოწმობებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. როგორც გიორგობიანი ფეისბუქის პირად გვერდზე განმარტავს, ახალი ბილეთები, რომელიც 15 დეკემბრიდან შემოდის, გართულებული არ არის! ახალ 3D ფორმატის ბილეთებში, რომელიც ძალაში 15 დეკემბრიდან შევა, დახვეწილია კითხვის როგორც შინაარსი, ასევე ფორმა და ვიზუალური მხარე.
“მომსახურების სააგენტომ არაერთი განცხადება გააკეთა და პრეზენტაციებიც გამართა თბილისსა და რეგიონებშიც. ახალი ბილეთები, რომელიც 15 დეკემბრიდან შემოდის, გართულებული არ არის! ახალ 3D ბილეთებში, რომელიც ძალაში 15 დეკემბრიდან შევა, დახვეწილია კითხვის როგორც შინაარსი, ასევე ფორმა და ვიზუალური მხარე. გამოყენებულია სიტუაციის აღმწერი ვიდეორგოლები, რის საშუალებითაც მართვის მოწმობის მსურველს სიტუაციის უკეთესად აღქმისა და გაანალიზების საშუალება ეძლევა. არ იცვლება კითხვების შინაარსი, რადგან არ შეცვლილა საგზაო მოძრაობის წესები, ასევე არაა გაზრდილი ბილეთების რაოდენობა. თეორიული გამოცდის15 დეკემბრამდე ჩაბარების არანაირი აუცილებლობა არ არის“,-წერს გიორგობიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.