ბორკილდადებული პატიმარი წიხლებით სცემეს – უჩა ნანუაშვილმა პროკურორს მიმართა

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ბათუმის №3 დაწესებულების ბრალდებულის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით მთავარ პროკურორს მიმართა.
“4 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, დაიწყოს გამოძიება ბათუმის №3 სასჯელაღსრულებითი დაწესებულების თანამშრომლების მიერ ბრალდებულის მიმართ განხორციელებულ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის რწმუნებულებისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში ბათუმის №3 დაწესებულების ბრალდებულმა შ.დ–მ, განაცხადა, რომ 2014 წლის 11 ნოემბერს დაწესებულების სამედიცინო ნაწილში ყოფნისას დაწესებულების თანამშრომელმა ექიმთან შეხვედრის უფლება არ მისცა. ბრალდებულის სიტყვიერი პროტესტის პასუხად ის ძალის გამოყენებით წაიყვანეს გონივრული მიღებისა და განთავსების საკანში, სადაც ხელებზე ბორკილდადებულს ფეხებით სცემდნენ გულმკერდის მიდამოებში. შემდეგ ბრალდებული მოათავსეს სამარტოო საკანში, საბნისა და გათბობის გარეშე. პროტესტის ნიშნად შ.დ.–მ თვითდაზიანება მიიყენა, რის შემდეგაც თხუთმეტამდე თანამშრომელმა ხელებზე ბორკილი დაადო, იატაკზე დააწვინა და უმოწყალოდ სცემა. შემდეგ ისევ გონივრული მიღებისა და განთავსების საკანში წაიყვანეს და ხელ-ფეხშეკრული დილის ოთხ საათამდე იატაკზე დატოვეს. არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე რეაგირების მიზნით შ.დ.-მ 15 ნოემბერს შიმშილობა გამოაცხადა. ბრალდებულის განცხადებით, 20 ნოემბერს დაწესებულების თანამშრომლებმა მას განმეორებით მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც შ.დ-მ გონივრული მიღებისა და განთავსების საკანში ელექტრონათურის მინით სხეულზე მიიყენა მრავლობითი თვითდაზიანებები”, – აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები