„დოლარის კურსის გამყარების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი რუსეთისთვის დაწესებული სანქციებია“
ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერის კახა კალაძის განცხადებით, ლარის კურსის ცვალებადობის ერთ-ერი ძირითადი ფაქტორი რუსეთში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენებია. კერძოდ, საერთაშორისო სანქციები. როგორც კალაძემ ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში განცხადა, დოლარის კურსის გამყარების ტენდენცია ბევრ ქვეყანაში შეინიშნება და საქართველოც ამ მხრივ გამონაკლისი არ არის. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ უნდა გააკეთოს.
ვიცე-პრემიერმა დასძინა, რომ ნებისმიერი ქვენის საბიუჯეტო მოვლენები და ფისკალური პოლიტიკა გლობალურად მიმდინარე პროცესებთან კავშირშია.
“ამიტომ რა იქნება მომავალში, მე გამიჭირდება პასუხის გაცემა. ეს დინამიური პროცესია და ალბათ უმჯობესი იქნება, კომენტარი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას ვთხოვოთ, ისინი უფრო კარგად აგვიხსნიან არსებულ სიტუაციას.
საზოგადოებაში ინტერესი ძალიან დიდია ლარის კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებით და კარგი იქნება, თუ მალე მოვისმენთ კომენტარს არსებულ სიტუაციაზე და როგორ განვითარდება მოვლენები”, – განაცხადა კახა კალაძემ.