„პოლონეთი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება“
ჩვენი თანამშრომლობა პოლონეთთან უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან პოლონეთი გვიჭერს მხარს იმ სტრატეგიულ კურსში, რომელიც აიღო საქართველომ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს პოლონეთში, ვიზიტის შეჯამებისას განუცხადა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, პოლონეთთან თანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან პოლონეთი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება. „პოლონეთი არა მარტო მხარს გვიჭერს, არამედ რეალურად გვერდში გვიდგას და გვეხმარება ამ ნაბიჯების გადადგმაში. მნიშვნელოვანი იყო, რომ პრეზიდენტთან ვისაუბრეთ ჩვენი ერთობლივი ქმედებების გასაღრმავებლად ევროატლანტიკური მიმართულებით. ასევე, მნიშვნელოვანი იყო პარლამენტის თავმჯდომარესთან, ბატონ სიკორსკისთან შეხვედრა, რადგან კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმ ურთიერთობებს, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია პარლამენტების დონეზე გავაღრმაოთ”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.