გურამ ადამაშვილი კამპანიის, – „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“, – ორგანიზატორებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირში ამხელს
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ აღმასრულებელი დირექტორი გურამ ადამაშვილი მოსმენებთან და ე.წ. გასაღების წვდომის თემის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
ადამაშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას კამპანია “ეს შენ გეხებას“ ორგანიზატორების წინადადებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ე.წ. გასაღების შსს-დან გატანას და მობილური ოპერატორებისთვის “ჩაბარებას“ გულისხმობს. „პოზიციის“ აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს,რომ მობილური კომპანიებისთვის ე.წ. გასაღების ჩაბარება რამდენიმე რისკს შეიცავს. ადამაშვილი ფიქრობს, რომ კამპანიაში მონაწილე არასამთავრობოების ხელმძღვანელების პოზიცია ეჭვს ბადებს.“პოზიტივის“ ხელძღვანელი “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში ლაშა ტუღუშისა და ეკა გიგაურის საქმიანობას იხსენებს. ადამაშვილი მასალას ავრცელებს, რომელიც ლაშა ტუღუშისა და ეკა გიგაურის “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირს ასახავს.
„მოსმენებთან დაკავშირებული კანონის შესახებ არაერთი ცნობილი ადამიანის აზრი მოვისმინეთ, თუმცა, აზრები, ძირითადად, ორი მიმართულებით წავიდა: ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ე.წ. გასაღები მობილურ კომპანიებს უნდა ჰქონდეთ, მეორე კი გასაღების მფლობელად შსს-ს მოიაზრებს.
ვფიქრობ, მთავარი აქ ისაა, რომ თითოეული ჩვენგანი სახელმწიფოს, მოქალაქეების ინტერესებიდან გამოვიდეთ.
როგორც გაჟღერდა, კამპანიაში „ეს შენ გეხება-ისევ გვისმენენ“ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ახალ წინადადებას პარლამენტს უახლოეს დღეებში წარუდგენენ. არასამთავრობო სექტორის ეს ნაწილი სწორედ ფარული მოსმენების ე.წ. გასაღების შსს-დან გატანას ითხოვს და აქციების გამართვას გეგმავს. სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით გადავწყვიტე, გამოვთქვა ჩემი მოსაზრება.
აქციას გეგმავენ, თუმცა, „არ“ ითვალისწინებენ ერთ მნიშვნელოვან საკითხს: მობილური კომპანიებისთვის ე.წ. გასაღაბის ჩაბარება რამდენიმე რისკის წინაშე გვაყენებს. ამიტომ ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მათი მფლობელების წარმომავლობა, საკითხები, რომელთა წინაშეც თითოეული მოქალაქე, მათ შორის, თავად ნებისმიერი ორგანიზატორიც, დადგება, როდესაც უკვე აღარ ექნება მნიშვნელობა, შსს მოუსმენს, თუ – მობილური ოპერატორი.
ამასთან, აღინიშნა, რომ არსებობს სასამართლოს მხრიდან მოსმენაზე ნებართვის გაცემის პრაქტიკა. რეალურად ასეცაა, თუმცა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სასამართლოს მიერ აღნიშნული ნებართვის გაცემის სტატისტიკას თუ ვნახავთ, აქვე იკითხება, რომ შსს-ს მიერ შეტანილი მოთხოვნიდან სასამართლოს გაცილებით ნაკლები აქვს დაკმაყოფილებული. ეს კი საფუძველს იძლევა, ვიფიქროთ, რომ მდგომარეობა ამ მხრივ ნამდვილად შეიცვალა.
გარდა ამისა, ეჭვს აჩენს კამპანიის მონაწილე არასამთავრობოების ხელმძღვანელების პოზიციაც. მაშინ, როდესაც, მაგალითად, ლაშა ტუღუში აცხადებს, რომ უსმენენ და ამის წინააღმდეგია, ჩნდება კითხვა: როგორ „იბრძვის“ ადამიანის ლეგიტიმური უფლებისთვის, მისი საუბარი და პირადი ცხოვრება იყოს დამოუკიდებელი, როდესაც თავადვე მშვენივრად ახერხებდა, ჯერ კიდევ ძველ ხელისუფლებასთან უნისონში ემუშავა, ესაუბრა 2003 წლის რევოლუციით „მიღწეულ“ რეფორმებზე, მის შედეგებზე და დღეს სასამართლოს მიერ მოსმენაზე ნებართვის გაცემის ასე შემცირების პირობებში მოეთხოვა აღნიშნული უფლება?
ამის დამადასტურებლად არსებობს მათივე ვებგვერდზე მითითებული ინფორმაცია.
ამასთან, კამპანიის ერთ-ერთი სახე ეკა გიგაური რატომღაც თავიდან იცილებს პასუხისმგებლობას, რომელიც მან ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს აიღო: ის შინაგან საქმეთა სამინისტროში სწორედ იმ რეფორმების დროს მუშაობდა, როდესაც მოსმენების რაოდენობამ და სიხშირემ აღმაშფოთებელ ზღვარს მიაღწია. 2008 წლამდე ეკა გიგაური საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე იყო, სადაც იურიდიულ და საერთაშორისო სამსახურებს ხელმძღვანელობდა და უწყების რეფორმირების პროცესის კოორდინაცია ევალებოდა.
ვფიქრობ, ასეთი გამოცდილების მქონე ადამიანს, საზოგადოებისთვის ცნობილ სახეს უნდა სცოდნოდა, რომ მოქალაქეებს, მინიმუმ, დააინტერესებდათ, იცოდა, თუ – არა მან, რამდენად მნიშვნელოვანია, ქვეყნის შიდა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყება ფლობდეს მსგავს ბერკეტს, როდესაც დამნაშავეთა სამყაროს ებრძვის. მითუმეტეს, რომ ხელისუფლება, რომლის მაღალჩინოსანიც ეკა გიგაური გახლდათ, არჩევნებში დამარცხებას მნიშვნელოვან წილად სწორედ უკანონოდ მოსმენის თემასაც უნდა „უმადლოდეს“.
ასეთ სიტუაციაში, როდესაც აღნიშნული კამპანიის ორგანიზატორების შესახებ, რომლებმაც კარგად იციან, რა შეიძლება, მოჰყვეს მათ მოთხოვნას დაკმაყოფილების შემთხვევაში, რა რისკის წინაშე დადგება სახელმწიფო და მისი უშიშროება, მაგრამ მაინც ამავე პოზიციას აჟღერებენ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ დამკვეთი არის კონკრეტული ძალა და სწორედ მისი (ან მათი) სურვილია, აღნიშნული საკითხი არა სახელმწიფოს უსაფრთხოების, არამედ მავანთა ფარული ინტერესების სასარგებლოდ გადაწყდეს“,-აცხადებს ადამაშვილი.
ამასთან, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადამაშვილისთვის გაურკვეველია „რესპუბლიკელებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების” პოზიცია.
“პოზიციის“ ხელძღვანელის განცხადებით , მას რჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი მკაფიოდ საკუთარ აზრს არ აფიქსირებენ.
ადამაშვილი ფიქრობს, რომ აუცილებელია, ე.წ. გასაღებთაგან ერთ-ერთი ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი მთავარი ორგანოს – შინაგან საქმეთა სამინისტროს – მფლობელობაში იყოს.
„ისინი სწორედ იმ მოსახლეობის ნებისა და უფლების დამცველების სტატუსით შევიდნენ პარლამენტში, ვის უფლებასა და უსაფრთხოებაზეც ვსაუბრობთ და, როგორც უკვე აღვნიშნე, ამის განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორი მათი წინამორბედი გუნდის მხრიდან უკანონო მოსმენა გახლდათ.
კიდევ უფრო საინტერესოა პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ ვეტოს უფლების გამოყენების ფაქტი, როდესაც მას ავიწყდება, რომ ის არა მხოლოდ კამპანიის „ეს შენ გეხება-ისევ გვისმენენ“ ორგანიზატორების პრეზიდენტია, არამედ სრულიად საქართველოს მოსახლეობაზე, ამ ადამიანების სიმშვიდეზე, უფლების დაცვასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელიც.
ამიტომაც, რადგან ზემოაღნიშნული არასამთავრობოები, პარლამენტის ზოგიერთი წევრი და პრეზიდენტი საეჭვო და გაურკვეველი მიზნებით ნაკარნახევ გადაწყვეტილებებს იღებენ, ვფიქრობ, აუცილებელია, ე.წ. გასაღებთაგან ერთ-ერთი აუცილებლად იყოს ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი მთავარი ორგანოს – შინაგან საქმეთა სამინისტროს – მფლობელობაში. ასეთ შემთხვევაში, არ იქნება ეჭვი, თუ რამდენი დამნაშავე შეიძლება ემუქრებოდეს ქვეყნის უსაფრთხოებას მაშინ, როდესაც მოსმენის ბერკეტი რატომღაც აქვს მობილურ ოპერატორს და არა – ამავე უსაფრთხოების გარანტ უწყებას.
აქვე წარმოგიდგენთ მასალას, რომელიც ასახავს ლაშა ტუღუშის და ეკა გიგაურის კავშირს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, -აცხადებს ადამაშვილი.